ფეხბურთი

23:50 | 17.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" სტამბოლური კოშმარი: 2:1-დან 2:5 "გალათასარაისთან"!

ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის სტადია დაიწყო, რომლის პირველი მატჩი სტამბოლში გაიმართა და „გალათასარაიმ“ „იუვენტუსი“ გაანადგურა.

ლუჩანო სპალეტიმ თითქოს, „იუვეში“ საქმეები მეტ-ნაკლებად გამოასწორა, მაგრამ ბოლო მატჩებში სიტუაცია ისევ დამძიმდა. „იუვენტუსს“ ყველა ტურნირზე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ამ ოთხ შეხვედრაში 13 გოლი გაუშვა, რაც ამ დონის გუნდისთვის, რომელიც დაცვაში სიძლიერით გამოირჩეოდა - უბრალოდ სამარცხვინო მაჩვენებელია.

„გალათასარაიმ“ „იუვენტუსი“ ტემპში დაჩაგრა, ფიზიკურად იტალიური კლუბის ფეხბურთელები ვერ უძლებდნენ მეტოქის პრესინგს და სისწრაფეებს. ანგარიშიც ასე გაიხსნა, როცა პრესინგზე „გალათასარაიმ“ ქენან ილდიზს ბურთი წაართვა და ყველაფერი გაბრიელ სარას გოლით დასრულდა.

თურქები ერთი წუთითაც ვერ იგებდნენ, რადგან წამებში ტეუნ კოპმაინერსმა წონასწორობა აღადგინა. ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა 32-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიტანა, ძლიერი და ლამაზი დარტყმით, რომელმაც ანგარიში 2:1 გახადა. „იუვემ“ დაატრიალა თამაში და პირველი ტაიმი მოიგო კიდეც.

თუმცა, რაც შესვენების შემდეგ მოხდა, შეიძლება ასე დავასათაუროთ: „იუვენტუსის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო 45 წუთი!

სტამბოლელებმა ნოა ლანგის გოლით მალევე აღადგინეს წონასწორობა, მეკარის შეცდომა აშკარა იყო. მასპინძლებმა გააგრძელეს ზეწოლა და მალევე დევინსონ სანჩესმა თურქები წინ გაიყვანა. თამაშის ბედი აქ გადაწყდა, რადგან „იუვენტუსი“ დემორალიზებული იყო და არაფრის თავი ჰქონდა. ეს ჩანდა, ნათელი გახლდათ. ყველაფერი 67-ე წუთზე დამძიმდა: ხუან კაბალმა, რომელიც თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო. სპალეტიმ კაბალი შესვენების შემდეგ იმიტომ შეიყვანა მოედანზე, რომ გაფრთხილებული ანდრეა კამბიაზო შეცვალა, რადგან ის წითელი ბარათის საფრთხის ქვეშ იყო - ბედის ირონიაა. "იუვეს" ორ მარცხენა მცველს 67 წუთი სამი ყვითელი ბარათი ბარიშ ილმაზმა აკიდა.

10-კაციან „იუვეს“ „გალათასარაიმ“ უფრო მეტი აქტიურობით შეუტია და კიდევ ორჯერ გაუტანა. ჯერ ლანგმა შეასრულა დუბლი, მერე საშა ბოიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:2!

„გალასათასარაის“ საოცარი ქამბექი - 1:2-დან 5:2. „იუვენტუსმა“ თავის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი უმძიმესი მარცხი განიცადა.

საპასუხო მატჩი ერთ კვირაშია, მაგრამ პრაქტიკულად აზრი დაეკარგა.

„გალათასარაი“ – „იუვენტუსი“ 5:2 (1:2)

გალათასარაი (4-2-3-1): ჩეკირი; სალაი, სანჩესი, ბარდაკჯი (სინგო 77), ჯეიკობსი; ტორეირა, გაბრიელ სარა; ილმაზი (იკარდი 77), აკგუნი (სანე 70), ლანგი; ოსიმენი

იუვენტუსი (4-3-2-1): დი გრეგორიო; კალულუ, ბრემერი (გატი 34), კელი, კამბიაზო (კაბალი 46); ტურამი (მირეტი 80), ლოკატელი, კოპმაინერსი; კონსეისაო (კოსტიჩი 70), ილდიზი (ოპენდა 81); მაკკენი

გოლები: 1:0 გაბრიელ სარა (15), 1:1 კოპმაინერსი (16), 1:2 კოპმაინერსი (32), 2:2 ლანგი (49), 3:2 სანჩესი (60), 4:2 ლანგი (75), 5:2 ბოი (86)

გაძევება: კაბალი (67)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089524