სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:40 | 16.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

დრამატიზმით სავსე თამაში ღირსებისა და იდენტობისთვის
"დერბი დ'იტალია" და შთაბეჭდილებები "სან სიროდან"

იტალიაში ზამთრის ოლიმპიადისთვის ჩავედი. თუმცა, სერია A-ს თავისი დრამატურგია აქვს და როცა, შანსი გაქვს, იტალიის ჩემპიონატის მატჩს უნდა დაესწრო, მითუმეტეს, თუ „დერბი დ’იტალიაა". და ბუნებრივია, ასეთ მატჩს გვერდს ვერ ავუვლიდი.

გზა მატჩამდე

სტადიონზე თამაშის დაწყებამდე სამი საათით ადრე მივედი. მეგონა, მშვიდად ავიღებდი აკრედიტაციას და მოვემზადებოდი მატჩისთვის, მაგრამ „სან სირო“ უკვე დუღდა.

სექტორი, სადაც აკრედიტაცია უნდა მიმეღო, დაკეტილი დამხვდა. მიზეზი მარტივი იყო, მე-10 სექტორიდან სტადიონზე „იუვენტუსის“ ტიფოზერია შეჰყავდათ და უსაფრთხოების მიზნით პერიმეტრი ჯებირებით იყო შემოსაზღვრული. პოლიცია, სტიუარდები, ნაკადები - ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა.

სტადიონის მიმდებარედ ტრადიციული საფეხბურთო ბაზრობა იყო გაშლილი. ცეცხლზე შემწვარი ხორცის სუნი, ლუდი და იტალიური შეძახილები - „Forza ragazzi!“. აქ იყიდებოდა ყველაფერი: შავ-ლურჯი შარფები, მაისურები, სხვადასხვა სუვენირი.

"ინტერისტებს” ერთი განსაკუთრებული გატაცება აქვთ - ისტორიის დაცვა. ხშირად შეხვდებოდით აქსესუარებს წარწერით, რომ „ჩვენ სერია B-ში არასდროს ვყოფილვართ“. ეს მათთვის სიამაყეა, იდენტობის ნაწილი და პირდაპირი დაცინვაა "იუვენტუსზე", რომელიც 2006 წელს სერია B-ში დააქვეითეს.

და ფანტაზია? უშრეტი. ერთ ბანერზე წავიკითხე:

„Sei bella come il gol di Acerbi al 93” - "ისეთი ლამაზი ხარ, როგორც აჩერბის გოლი 93-ე წუთზე".

რომელიც ერთ-ერთი იმ გოლთაგანია, რაც ქალაქის შავ-ლურჯ მეხსიერებაში დარჩა. რა თქმა უნდა, ეს მინიშნებაა გასულ სეზონში ფრანჩესკო აჩერბის გოლზე, რომელიც "ინტერის" მცველმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსელონას" გაუტანა და გუნდს ფინალში გასვლაში დაეხმარა (სხვა საქმეა, როგორ დასრულდა ის ფინალი "ინტერისთვის").

სტადიონთან „იუვენტუსის“ ისეთი მაისურებიც შემხვდა, რომლებიც ამ კლუბს ისტორიაში არც ჰქონია - დაბალბიუჯეტიანი, შესაბამისი ხარისხის, მაგრამ მოთხოვნა მაინც იყო.

აკრედიტაციის ასაღებად სტადიონისთვის პრაქტიკულად წრის დარტყმა მომიწია. რამდენიმე ადგილზე კითხვა, გადამისამართება, ბოლოს - მე-8 სექტორის შესასვლელი. იქ მდგომმა ქალბატონმა დაახლოებით 200-კაციან სიაში ჩემი გვარი პირველივე გვერდზე იპოვა. პირველი ბარიერი გავიარე. და - „სან სიროზეც“ შევედი. თამაშამდე ორი საათი რჩებოდა.

ვალენტინობის დღე და ლურჯი გულები

გულშემატკივრები ნელ-ნელა იკავებდნენ ადგილებს. სტადიონი ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე შევსებული, მაგრამ ენერგია უკვე იგრძნობოდა.

ეკრანებზე ხან „kiss cam“ ჩნდებოდა, ხან „cold time“. წყვილები კამერას ელოდნენ - ვალენტინობის დღე იყო და თუ „kiss cam“-ს კარგად გაართმევდი თავს, ლურჯი, ინტერის ფერებში შეღებილი გულების „წვიმაც“ მოდიოდა.

ბევრი უკვე კამერით ხელში იჯდა იმ იმედით, რომ დიდ ეკრანზე საკუთარ თავს დაინახავდა. ფეხბურთი იტალიაში მხოლოდ თამაში არ არის - ეს სოციალური რიტუალიცაა.

ლეგენდები მოედანზე

მალე სტადიონის წამყვანმა განსაკუთრებული შესავალი გააკეთა. მოედანზე გავიდა რობერტო ბაჯო - ფეხბურთელი, რომელმაც კარიერაში ორივე მხარეს ითამაშა, მაგრამ რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, მაინც "ინტერის" ლეგენდად წარადგინეს. "ღვთაებრივი ცხენისკუდა”, რომელიც მილანურ საფეხბურთო მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა. მალევე მას ადრიანოც შეუერთდა, “ინტერისტებისთვის” ემოციური ფიგურა. სტადიონზე ორივეს ოვაციით შეხვდნენ.

საქველმოქმედო აქტივობაც გაიმართა. მოედნის ცენტრში განთავსებულ ბანერზე ბურთები გააგორეს და სადაც გაჩერდა, ქველმოქმედებაშიც იმდენი ათასი ევრო გაიღეს. საბოლოოდ 50 000 ევრო ერთ ორგანიზაციას გადაეცა.

შეძახილები, ტრიბუნების ზანზარი

გახურება დაიწყო. ჯერ მწვანე მინდორზე სტუმრები გამოვიდნენ - „იუვენტუსის“ ფანები მათ ოვაციით შეხვდნენ, „ინტერის“ ქომაგებმა კი სტვენა არ დააკლეს. შემდეგ მასპინძლების ჯერიც დადგა. სტადიონი უკვე ზანზარებდა.

„Chi non salta juventino è!“ ("ვინც არ დახტის იუვენტინოა" და პირიქით)...

„Chi non salta interista è!“

შეძახილები მონაცვლეობით ისმოდა. სან სირო იმ საღამოს ცოცხალი ორგანიზმი იყო.

ჩემს წინა რიგში კი იჯდა ადამიანი, რომელსაც მთელი ჩემი ბავშვობა და შემდეგაც ვგულშემატკივრობდი - მასიმო ამბროზინი თამაშს კომენტირებდა. გვერდით ინტერისტა ჟურნალისტები ისხდნენ. ირონია? შეიძლება. რადგან სიმართლე უნდა ითქვას: “მილანის” ქომაგი ვარ და ამ მატჩში “ინტერის” ქულის დაკარგვას ვგულშემატკივრობდი. საჩემპიონო რბოლაში ეს ჩემი გუნდისთვის სასარგებლო იქნებოდა.

“იუვენტუსი” უკეთ გამოიყურებოდა თამაშის პირველ წუთებში: პრესინგი, ტემპის კონტროლი, ბურთის ფლობა. მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის ლოგიკას არ ემორჩილება.

მე-17 წუთი - უცნაური გოლი: ლუის ენრიკეს ჩაწოდების შემდეგ ბურთი ანდრეა კამბიაზოს შეეხო და კარში აღმოჩნდა. მიკელე დი გრეგორიოს რეაქცია დაგვიანებული იყო. ავტოგოლი, 1:0 „ინტერის“ სასარგებლოდ.

"იუვენტუსი” არ დაიბნა. რამდენიმე წუთში ვესტონ მაკკენის ჩაწოდებას ისევ კამბიაზო დახვდა - ამჯერად სწორი მიმართულებით გაიტანა - 1:1. ტრიბუნებზე დაძაბულობა გაიზარდა.

42-ე წუთი - ეპიზოდი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. სწრაფი კონტრშეტევა. ალესანდრო ბასტონი პიერ კალულუსთან ორთაბრძოლაში დაეცა. ორივეს ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა. მსაჯმა ფედერიკო ლა პენამ ჯარიმა კალულუს წინააღმდეგ დააფიქსირა და მეორე ყვითელი უჩვენა. "იუვენტუსი” 10 კაცით დარჩა.

გამოჩნდა, რომ კალულუს კონტაქტი მინიმალური იყო. ბევრისთვის - ბასტონისგან სიმულაცია. გამომდინარე იქიდან, რომ VAR ყვითელ ბარათში ვერ ერევა, გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

"სან სიროს” ერთი მხარე სიხარულისგან ყვიროდა, მეორე მხარე იმედგაცრუებული იყო. შესვენებაზე გასვლისას იყო დაპირისპირებაც. "ბებერი ქალბატონის" წარმომადგენლები მთავარ არბიტრს გვირაბის შესასვლელში დახვდნენ და უსამართლო გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რაც დიდ არეულობაში გადაიზარდა.

შესვენებაზე კრისტიან კივუმ ბასტონი შეცვალა - რა თქმა უნდა, მიხვდა მომენტის მნიშვნელობას და რას გადაურჩა მისი გუნდის მცველი.

მეორე ტაიმი - უპირატესობა და წინააღმდეგობა

კაცნაკლულმა "იუვენტუსმა” უკან დაიხია, მაგრამ არ დანებდა. "ინტერმა” ბურთის კონტროლი მოიპოვა, დი გრეგორიომ რამდენიმე ეპიზოდში გუნდი გადაარჩინა.

76-ე წუთზე ფრანჩესკო პიო ესპოზიტომ თავით გაიტანა, ტრიბუნები აფეთქდა - 2:1. თითქოს ყველაფერი დასრულდა. მაგრამ, 83-ე წუთზე მანუელ ლოკატელიმ შორიდან ისე დაარტყა, რომ ბურთი ბადეში გაეხვა - 2:2. "იუვენტუსის” სექტორმა გოლი ძალიან ემოციურად აღნიშნა, მათ თითქოს, ქულის მოპოვებაც დაიჯერეს, პრინციპულ მეტოქესთან, უსამართლობის განცდით.

მაგრამ, 90-ე წუთი: საჯარიმოს გარედან პიოტრ ჟიელინსკის ძლიერი დარტყმა და 3:2.

"სან სირომ” ამოსუნთქა. "ინტერმა” 3 ქულის მოპოვება შეძლო და ჩემპიონობისთვის ბრძოლას კომფორტული უპირატესობით აგრძელებს.

ბოლო წლებში ამ გუნდებს ლამაზი მატჩები დასჩემდათ - პირველ წრეში „იუვემ“ 4:3 მოიგო, გასულ სეზონში "სან სიროზე” გამართული შეხვედრა 4:4 დასრულდა. ამჯერადაც ყველაფერი ვიხილეთ: გოლები, ბარათები, ჩხუბი, გაძევება, მსაჯთან კამათი და გაუქმებული პრესკონფერენციაც კი.

მატჩის შემდეგ დაძაბულობა

დაძაბულობა პრესკონფერენციაზე გაგრძელდა. პირველი მედიის წინაშე "ინტერის" მცველი იან ბისეკი წარსდგა. კალულუს ეპიზოდზე კითხვას თავი აარიდა, გერმანელის პასუხი შემდეგნაირი იყო - „არ დამინახავს, ვერ შევაფასებ“.

შემდეგ საგანგებო პრესკონფერენციაზე ჯორჯო კიელინი და "იუვეს" გენერალური დირექტორი დამიენ კომოლი შემოვიდნენ.

„ბოდიშს ვუხდით ტიფოზებს. დღეს ფეხბურთის თამაში არ შეგვეძლო. სამი ქულა დავკარგეთ, მაგრამ იტალიურმა ფეხბურთმა უფრო მეტი, სანდოობა დაკარგა“, - ასეთი იყო მათი გზავნილი, სპალეტის პრესკონფერენცია კი საერთოდაც გაუქმებულად გამოცხადდა.

დერბი დ’იტალია სანახაობრივი, ემოციური და დასამახსოვრებელი გამოვიდა. ოლიმპიადის ქვეყანაში აღმოვჩნდი, მაგრამ იმ საღამოს მილანში მთავარი სპორტული სცენა მაინც „სან სირო“ იყო. ამ მატჩმა ისევ გამახსენა, რატომ გვიყვარს ეს სპორტის სახეობა. "ინტერისა” და "იუვენტუსის” მატჩი არასდროსაა უბრალოდ თამაში ქულებისთვის - ეს თამაშია ღირსებისთვის, იდენტობისთვის, სიამაყისთვის.

აქ ისტორია ტრიბუნებიდან იწყება.

და მიუხედავად იმისა, რომ შედეგი ჩემთვის იდეალური არ გამოდგა - იმ ღამეს ფეხბურთი ისევ ლამაზი იყო: ქაოსური, შესაძლოა უსამართლოც და დრამატული, ვნებათაღელვით სავსე - ზუსტად ისეთი, როგორიც იტალიას უხდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166079