თბილისის ‘წიქარამ’ crocobet დიდი 10-ის მე-14 ტურში სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 27:14 სძლია და მინიმუმ ხვალამდე, სანამ ‘ლელო’ თავის შეხვედრას გამართავს, სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე აღზევდა.
ავჭალელებისთვის ეს 2026 წელს პირველი გამარჯვება იყო. მათ 30 ქულა მოაგროვეს და სამით გაუსწრეს ‘ლელოს’, ‘არმიას’ კი ერთით ჩამორჩებიან. ‘ყაზბეგმა’ ქულების აღების კარგი შანსი ხელიდან გაუშვა და 16 ქულით ჯერჯერობით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა. მას 3 ქულით ჩამორჩება ‘გორი’, რომელიც მე-14 ტურში ხვალ ‘ლელოს’ მასპინძლობს.
პირველ ტაიმში ბევრი ჯარიმა იყო, რამაც სანახაობრივი მხარე დააკნინა. თამაში ‘ყაზბეგის’ შეტევებით დაიწყო და უკვე მე-8 წუთზე, ლუკა ჭაავას სინბინის შემდეგ ‘წიქარა’ მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, თუმცა სტუმრებმა ამით ვერ ისარგებლეს. ტაიმის შუაში ‘წიქარამ’ შეძლო ინიციტივის დაუფლება, მაგრამ 21-ე წუთზე, რაქში არასწორი გადაყრის გამო სინბინით უკვე გიორგი კერვალიშვილი დაკარგეს.
მიუხედავად ამისა მათ 25-ე წუთზე შეძლეს ჯარიმის გამომუშავება და გიორგი ასათიანმა კარის წინ 45 მეტრიდან ანგარიში გახსნა. 30-ე წუთზე თამაშის წესები ‘ყაზბეგელთა’ მეორეხაზელმა ვატისონი ვანგანისარავიმ დაარღვია და თავით თავთან კონტაქტის გამო 20-წუთიანი წითელი ბარათით დაისაჯა. მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით კარგად ისარგებლეს და ასათიანმა ჯერ ჯარიმა გაიტანა, მერე კი გოდერძი ჭინჭარაულის ინდივიდუალური ლელო გარდასახა - 13:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში, ჯერ კიდევ კაცნაკლულ მეტოქესთან მოლის შემდეგ ლელო გივი მაწკეპლაძემ გაიტანა და გარდასახვის შემდეგ სხვაობა 20 ქულამდე გაიზარდა. სტუმრებმა ამის შემდეგღა შეძლეს თამაშის დალაგება, 59-ე წუთზე ხანგრძლივი შეტევის შემდეგ კირილე ლოვოკურო ფრთაზე მარტო დარჩა და მისი ლელო გიორგი პეტრიაშვილმა გარდასახა.
‘ყაზბეგმა’ წნეხი გააძლიერა და მათე დარძულიძეს სინბინის შემდეგ, რიცხობრივი უპირატესობა კიდევ ერთხელ მოიპოვა, რასაც ძალისმიერი შეტევა და გიგა გრიგალაშვილის ლელო მოყვა, ხოლო პეტრიაშვილმა გარდასახვით სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა. სამ წუთში ყვითელი ბარათი ლაშა გოგიაშვილმა მიიღო და ‘წიქარა’ მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩა, რითაც ‘ყაზბეგს’ გამარჯვების მოპოვების კარგი შანსი გაუჩინდა, თუმცა ამით ვერ ისარგებლა.
2-კაცნაკლულმა მასპინძლებმა შეძლეს შეტევაში გადასვლა და მართალია ასათიანს ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ 76-ე წუთზე გიორგი კერვალიშვილმა მცველს ერთი-ერთზე აჯობა და ლელო გაიტანა, ხოლო ასათიანმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 27:14. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გოდერძი ჭინჭარაული გახდა.
RUGBY.GE







