რაგბი

13:40 | 15.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ხარები 29:5 არმია

რუსთავის ‘ხარებმა’ crocobet დიდი 10-ის მე-14 ტურში, თბილისის ‘’არმიას’ 29:5 სძლია და მისი 6-მატჩიანი გამარჯვებების სერია დაასრულა.

სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდების დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა. თამაშდებოდა საზიარო „სარბიელის სინი“, რომელსაც არმიელები 4 ტურისგანმავლობაში ფლობდნენ, ახლა კი ‘ხარებს’ გადაულოცეს. რუსთაველებმა მიმდინარე სეზონში სინი პირველად დაისაკუთრეს.

მასპინძლებმა მეტოქეს სამით მეტი ლელო გაუტანეს, რითაც ბონუს-ქულაც აიღეს და 39 ქულით, სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გამაგრდნენ. ‘არმია’ 31 ქულით მე-5 პოზიციაზე რჩება, თუმცა მის უახლოეს მდევრებს (‘ლელო’ - 27, ‘წიქარა’ - 26) ჯერ თავიანთი შეხვედრები არ ჩაუტარებიათ.

„ხარები არენაზე“ დავით მოძღვრიშვილმა მასპინძლები დებიუტშივე ჯარიმით დააწინაურა. მე-5 წუთზე ‘არმიას’ სალელოვე შეტევა მოძღვრიშვილმა სინბინის ხარჯზე შეაჩერა, თუმცა კაცნაკლულმა რუსთაველებმა ჯერ თავი დაიცვეს, მე-12 წუთზე კი მეტოქის შეცდომით ისარგებლეს, მაიკელი როკონდინონომ ხაზი გაჭრა და ლელომდე ირბინა. სანდრო მარგიანის გარდასახვა არაზუსტი იყო.

24-ე წუთზე გელა მახარაშვილმა სისწრაფეზე ხაზი გაჭრა, მას კარგად მიყვა ბექა გელხვიძე, მეტოქის 22-ში მარგიანმა ფეხით ბურთი მოშიშვლებულ ფრთაზე გადაკიდა, სადაც მას ირაკლი ლუარსაბიშვილი დაეუფლა და მატჩის მეორე ლელო გაიტანა. გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო.

35-ე წუთზე ყვითელი ბარათი უკვე არმიელთა ბურჯმა ალექსი სვიანაძემ მიიღო, ერთ წუთში სტუმრები კარის წინ 25 მეტრში დაჯარიმდნენ და მოძღვრიშვილმა ჯარიმით უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდა - 16:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘არმიას’ ჩამორჩენის შემცირების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მერლს პიტერსმა ხელსაყრელი სიტუაციიდან ჯარიმა ვერ გაიტანა. მალე ყვითელი ბარათი კოტე გაზაშვილმა მიიღო და ‘ხარები’ ერთხელაც დარჩა კაცნაკლული, მაგრამ თავი ამჯერადაც დაიცვა, ტაიმის შუაში კი მოძღვრიშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა. ‘არმიას’ მალევე მიეცა თავისი პირველი ლელოს გატანის შესაძლებლობა, გიორგი ხარშილაძემ უკონტროლო ბურთს ფეხი ცენტრში წაკრა, აიტაცა და ლელომდე ირბინა, მაგრამ დამიწებამდე დავით ხუროშვილმა მას ბოჭვა გაუკეთა და შემტევს ოვალზე კონტროლი დააკარგვინა.

დასკვნით 10 წუთში კიდევ სამი ლელო გავიდა. 71-ე წუთზე მასპინძლებმა ბურთი ფრთაზე ჩაათამაშეს, სადაც როკონდინონომ ხაზი გაჭრა და ლელოში მოძღვრიშვილი შეუშვა. თამაშის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე ყვითელი ბარათი ხვიჩა ბუჯიაშვილმა მიიღო და ამჯერად ‘არმიამ’ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა - მოლი ლელოთი ირაკლი ქვათაძემ დაასრულა. თუმცა ‘ხარებმა’ გაწითლებულ დროზე კიდევ ერთი ლელო გაიტანა, კონტრშეტევაზე მარგიანმა იხეირა და საკუთარ გუნდს ბონუსი მოუპოვა. მანვე გარდასახვით მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 29:5.

საუკეთესო მოთამაშედ რუსთაველთა კაპიტანი მიხეილ წიკლაური დასახელდა.

RUGBY.GE

0.088614