რაგბი

13:10 | 9.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ხვამლი 22:43 აია

ქუთაისის ‘აიამ’ crocobet დიდი 10-ის მე-13 ტურში, თბილისში მასპინძელი ‘ხვამლი’ 43:22 დაამარცხა და ბონუს-ქულაც მოიპოვა.

თანაბარი 25 წუთის შემდეგ, სტუმრები სრულად დაეუფლნენ სათამაშო უპირატესობას და ჯამში მეტოქეს 7 ლელო გაუტანეს. ‘ხვამლმა’ 3 ლელოთი უპასუხა, თუმცა ეს თუნდაც ნუგეშ-ქულის ასაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა და 21 ქულით მე-8 ადგილზე რჩება. ‘აიამ’ 48 ქულა მოაგროვა და სანამ ‘ბათუმი’ მე-13 ტურის შეხვედრას გამართავს, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აღზევდა.

მასპინძლები მე-9 წუთზე დაწინაურდნენ. კარგი შეტევის შემდეგ თორნიკე ბაიხოიძე ფრთაზე უმეთვალყურეოდ დარჩა და ‘ხვამლის’ კაპიტანმა გრძელი გადაცემის შემდეგ ლელო გაიტანა. ‘აიამ’ მალევე მძლავრი მოლით და ილია გაბისონიას ლელოთი უპასუხა, ხოლო მე-18 წუთზე ბურთი ხელდახელ ფრთაზე ჩაათამაშეს და გივი კაშიამ სტუმრები დააწინაურა. გიორგი ბაბუნაშვილმა მეორე გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

‘ხვამლს’ წონასწორობის აღსადგენად 2 წუთი დაჭირდა. მოლიდან ბურთიფრიდონ წიკლაურმა დროულად გაიტანა, სივრცეში თავად შეუტია და მისი ლელო ლუკა თაყაიშვილმა გარდასახა. მაგრამ 29-ე წუთზე ზაურ ლუტიძე სინბინით დაისაჯა და ‘აიამ’ რიცხობრივი უპირატესობა ორ გარდასახულ ლელოში ასახა. ერთ წუთში ქუთაისელებმა ხელდახელ შეუტიეს, საბა შარვაშიძემ, თემურ კოხოძემ და გივი კაშიამ კარგად იბურთავეს და კოხოძემ სტუმრები დააწინაურა, ხოლო 38-ე წუთზე გაბისონიამ მოლის შემდეგ თავისი მეორე ლელო გაიტანა.

ბაბუნაშვილმა ორივე გარდასახა, რაზეც ტაიმის ბოლოს ლუკა თაყაიშვილმა ჯარიმით უპასუხა და ტაიმი ‘აიამ’ 11 ქულის სხვაობით მოიგო - 26:15.

თამაში რომ განახლდა გიორგი ვარდოსანიძე რაქში უხეში თამაშისთვის სინბინით დაისაჯა, სტუმრებმა მოლით შეუტიეს და საბა ერემეიშვილის ლელო ბაბუნაშვილმა გარდასახა. ‘ხვამლმა’ კარგი შეტევით უპასუხა, თუმცა ‘აიამ’ თავი დაიცვა და 59-ე წუთზე ოთია გიორგაძემ ქუთაისელთა მორიგი ძალისმიერი ლელო დაამიწა. 64-ე წუთზე ‘აიას’ მორიგი მოლი უკვე ომარ ჯანგავაძის ლელოთი დასრულდა და ‘ხვამლმა’ ისღა მოახერხა, რომ შეხვედრის მიწურულს გიორგი კურტანიძის ლელოთი და თაყაიშვილის გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირა - 22:43.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გივი კაშია გახდა.

RUGBY.GE

0.088072