საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია "მეცში" ითამაშებს. ფრანგულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
32 წლის ფეხბურთელი "მეცს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. გიორგიმ პირველი კომენტარიც გააკეთა:
„ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ამ კლუბში ვითამაშებ. იმედი მაქვს, გუნდს მთავარი მიზნის მიღწევაში დავეხმარები - ლიგა 1-ში დარჩენაში. ჩემმა თანამემამულეებმა „მეცი“ ძალიან კარგად დამიხასიათეს“, - აღნიშნა ქვილითაიამ.
გიორგი ქვილითაია ბოლოს კვიპროსში თამაშობდა, კერძოდ, „არისში“, სადაც 2024 წლიდან 49 მატჩში 16 გოლი გაიტანა. კვიპროსში მანამდე ქართველი ფორვარდი „აპოელის“ და „ანორთოსისის“ ღირსებას იცავდა, ასევე უთამაშია „გენტში“, ვენის „რაპიდში“, უნგრულ „გიორსა“ და „დინამო თბილისში“. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მას 42 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.
„მეცი“ ლიგა 1-ში ბოლო, მე-18 ადგილზეა და ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. „მეცის“ ღირსებას გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი იცავენ, შესაბამისად, ფრანგულ გუნდში ერთბაშად სამი ქართველი იქნება. გარდა ამისა, „მეცში“ გიორგი მიქაუტაძეს უთამაშია, რომელსაც ამ გუნდის მაისურით 63 თამაშში 38 გოლი აქვს გატანილი.







