ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში „მანჩესტერ სიტი“ „ტოტენჰემს“ ესტუმრა და ქულები დაკარგა.
პეპ გვარდიოლას გუნდი საჩემპიონო ბრძოლაშია და მისთვის ყოველი ქულა მნიშვნელოვანია. „ტოტენჰემთან“ „სიტიმ“ შესანიშნავად დაიწყო, პირველ ტაიმში უნაკლოდ ითამაშა და 2:0 დაწინაურდა. ანგარიში რაიან შერკიმ გახსნა, ხოლო შემდეგ ანტუან სემენიომ გაიტანა, რომელიც მანჩესტერულ კლუბს ბრწყინვალედ შეეწყო.
თუმცა, მეორე ტაიმში „სიტიმ“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ჯერ მარკ გეჰიმ ავტოგოლი მიითვალა, შემდეგ დომინიკ სოლანკემ ეფექტური გოლით გაათანაბრა და ფრე - 2:2.
„მანჩესტერ სიტის“ 47 ქულა აქვს და „არსენალს“ 6 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში „ენფილდზე“ „ლივერპულთან“ უნდა ჩავიდეს. „ტოტენჰემს“ პრემიერლიგაში ცუდი სეზონი აქვს, მხოლოდ მე-14 ადგილზეა, 29 ქულით.
„ტოტენჰემი“ – „მანჩესტერ სიტი“ 2:2 (0:2)
გოლები: 0:1 შერკი (11), 0:2 სემენიო (44), 1:2 გეჰი (53, ა.გ), 2:2 სოლანკე (70)







