ტურინის „იუვენტუსმა“ „ნიცადან“ კოტ დივუარელი ფეხბურთელი ჟერემი ბოგა დაიმატა. 29 წლის შემტევმა ტურინში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მალე გააფორმებს.
ბოგა „იუვეს“ სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, ხოლო ზაფხულში მისი გამოსყიდვა იტალიურ გრანდს 5 მილიონ ევროდ შეეძლება.
ბოგა „იუვენტუსმა“ ქენან ილდიზის ალტერნატიულ ვარიანტად დაიმატა. თურქ ვარსკვლავს პოზიციურად შემცვლელი არ ჰყავდა, რათა მატჩებში რამდენიმე წუთი მაინც დაესვენა.
ჟერემი ბოგა კარგად იცნობს სერია A-ს, სადაც „სასუოლოს“ (103 მატჩი, 18 გოლი) და „ატალანტას“ (47 მატჩი, 4 გოლი) ღირსებას იცავდა, ხოლო „ნიცაში“ ბოლო სამ სეზონში 73 თამაშში 10 გოლი გაიტანა. კოტ დივუარელს ასევე უთამაშია „ჩელსიში“, „რენში“, „გრანადასა“ და „ბირმინგემ სიტიში“.
გარდა ამისა, "იუვენტუსმა" პიერ კალულუს ალტერნატიული ვარიანტიც იპოვა - "ბოლონიადან" ემილ ჰოლმს დაიმატებს, სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის ვარიანტით. შვედის ტრანსფერიც გადაწყდა და ის მალე ტურინში იქნება. სანაცვლოდ, "იუვენტუსიდან" "ბოლონიაში" იჯარით ჟოაო მარიო წავა, რომელიც ლუჩანო სპალეტის გეგმებში არ შედიოდა.
ემილ ჰოლმს მიმდინარე სეზონში 1 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ის „ბოლონიაში“ 2024 წლიდან თამაშობდა, ხოლო მანამდე „გიოტებორგის“, „სონდერისკეს“, „სპეციასა“ და „ატალანტას“ ღირსებას იცავდა.







