ლეონ გორეტცკა მიუნხენის „ბაიერნს“ მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
გერმანელის დამატება მიმდინარე თვეში „ატლეტიკოს“ სურდა, მაგრამ „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა დაადასტურა, რომ გორეტცკა გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება და ზაფხულში უფასოდ წავა.
„ლეონთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, ყველა ჩართულ მხარესთან. ის ამ გუნდში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და ამიტომ გადაწყვიტა დარჩენა. ლეონი ბოლო წლებში უმაღლეს დონეზე თამაშობდა და გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სხვა კლუბებიდანაც იყო კონკრეტული მოთხოვნები. მან უკვე განიხილა სიტუაცია, მაგრამ აქაც ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. სურს, რომ ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურის სახით დარჩეს. გვქონდა ღია დისკუსიები, მათ შორის პირადად ლეონთან. ყველამ იცის, რომ მისი კონტრაქტი ზაფხულში იწურება. ამ დისკუსიებში ღიად ვისაუბრეთ მის მომავალზე. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ლეონ გორეტცკას დრო „ბაიერნში“ ამ ზაფხულს დასრულდება. ლეონი ჩვენთან რვა წელია თამაშობს და უაღრესად წარმატებული და ძლიერია, როგორც მოთამაშე, ასევე პიროვნება. მაგრამ ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. ის ჩვენთან დარჩება მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა მიაღწიოს დიდ მიზნებს. მოუთმენლად ველით მომდევნო რამდენიმე თვის მასთან გატარებას“, - თქვა ფროინდმა.
ასე რომ, გორეტცკა ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით ახალ გუნდში გადავა, დიდი ალბათობით, „ატლეტიკოში“.
ლეონ გორეტცკა „ბაიერნში“ 2018 წლიდან თამაშობს და 292 მატჩში 47 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის გელზენკირხენის „შალკეს“ და „ბოხუმის“ ღირსებას იცავდა.





