იტალიის სერია A-ს 22-ე ტური „ინტერი“ – „პიზას“ მატჩით გაიხსნა, რომელშიც მასპინძლებმა მეტოქე გაანადგურეს, მაგრამ ადვილად მაინც არ მოუგიათ.
თამაშს საოცარი სცენარი ჰქონდა: მე-11 წუთზე ანგარიში სტეფანო მორეომ იან ზომერის შეცდომით გახსნა და „პიზა“ დაწინაურდა. 12 წუთში მორეომ შვეიცარიელ მეკარეს მეორედ აჯობა და ანგარიში 2:0 გახადა.
კრისტიან კივუს გუნდი ბოლოადგილოსანთან წაგების საშიშროების წინაშე დადგა. რუმინელმა მწვრთნელმა 34-ე წუთზე ლუის ენრიკეს ნაცვლად თამაშში ფედერიკო დიმარკო ჩართო და თამაშიც შეიცვალა. დიმარკომ „ინტერი“ შეცვალა და პირველი ტაიმი „ნერაძურიმ“ მოიგო, კი, ასეა: 39-ე წუთზე პენალტით პიოტრ ჟიელინსკიმ შეამცირა სხვაობა, რასაც ორ წუთში ლაუტარო მარტინესის გოლი მოჰყვა, ხოლო კომპენსირებულ დროში ფრანჩესკო პიო ესპოზიტომ „ინტერი“ დააწინაურა.
82-ე წუთამდე „პიზა“ მაინც ბრძოლაში რჩებოდა, მხოლოდ 2:3 იყო, მაგრამ ბოლო წუთებზე მილანელებმა სამჯერ გაიტანეს. ჯერ ფედერიკო დიმარკომ ულამაზესი გოლი, მერე ანჟე-იოან ბონიმ და ბოლოს ჰენრიხ მხითარიანმა. მოკლედ, 0:2-დან 6:2.
„ინტერი“ 52 ქულით ლიდერობს სერია A-ს და მომდევნო ტურში „კრემონეზეს“ ესტუმრება, ხოლო „პიზა“ 14 ქულით ბოლო ადგილზეა.
„ინტერი“ – „პიზა“ 6:2 (3:2)
გოლები: 0:1 მორეო (11), 0:2 მორეო (23), 1:2 ჟიელინსკი (39, პენ), 2:2 ლაუტარო მარტინესი (41), 3:2 ესპოზიტო (45), 4:2 დიმარკო (82), 5:2 ბონი (86), 6:2 მხითარიანი (90)





