‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა იტალიურ ‘ძებრე პარმასთან’ 17 იანვარს „ავჭალაზე“ (17 საათი) გასამართი ჩელენჯ თასის მეოთხე ტურის შეხვედრისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.
გასულ შაბათს საფრანგეთში ‘მონტობანის’ ბონუს-ქულით დამარცხების შემდეგ, ‘შავ ლომს’ ფლეი ოფში გასვლის შანსი გაუჩნდა და ამისათვის რთული ამოცანა აქვს შესასრულებელი. ის ახლა 5 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება და 4-ით ჩამორჩება მომავალ მეტოქეს, რომელიც მესამე ადგილზეა.
იმისათვის, რომ პირველად ისტორიაში ფლეი ოფის საგზური მოვიპოვოთ, იტალიელებს თბილისში ბონუს-ქულით (მინიმუმ 4 ლელო გავიტანოთ) უნდა ვძლიოთ და თანაც ისე, რომ სტუმრებმა ქულაც ვერ აიღონ (4 ლელოს გატანისთვის, ან 7 და ნაკლები ქულის სხვაობით მარცხისთვის). თუ ‘ძებრემ’ 4 ლელო გაიტანა, მაშინ მას 33-ქულიანი სხვაობით უნდა ვძლიოთ.
თეორიულად, არსებობს ირლანდიური ‘კონახტის’ გადასწრების შანსი, რომელიც 8 ქულით მე-4 ადგილზეა, მაგრამ ის დასკვნით ტურში უმოტივაციო აუტსაიდერს - ‘მონტობანს’ მასპინძლობს და დიდი ალბათობით გამარჯვებასაც მოიპოვებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ქართულ-იტალიური სარაგბო დაპირისპირება განსაკუთრებული მოვლენაა, თამაშიც საინტერესო და დაძაბული უნდა გამოდგეს. განვლილ ორ სეზონში ‘შავი ლომი’ მუდამ ახერხებდა მინიმუმ ერთი თამაშის მოგებას და ახლა ამ შედეგის გაუმჯობესების რეალური შანსი აქვს. შეგახსენებთ, ‘ძებრე’ იმ გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის ბინადარია, სადაც ‘შავი ლომის’ მოხვედრა ქართული რაგბის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მოტივაციისთვის ესეც მნიშვნელოვანი არგუმენტია!
‘ძებრესთან’ 2025 წლის სექტემბერში ამხანაგური თამაში გავმართეთ და იტალიაში მასპინძლებმა 26:12 გაიმარჯვეს, ახლა კი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რევანშის შესაძლებლობა გვექნება.
ორი ცვლილებით და დებიუტანტით
‘მონტობანთან’ გამარჯვებულ შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. დამწყებთა შორის ფულბეკის პოზიციაზე მარქაფიდან დაწინაურდა შალვა აფციაური, რომელიც ლუკა თაყაიშვილს შეცვლის. მის ნაცვლად მარქაფაში გამოჩნდა პოტენციური დებიუტანტი რომა მახათაძე, რომელიც გუნდს ‘ბათუმიდან’ შეუერთდა. მარქაფაში ვიხილავთ ბურჯ ნიკოლოზ ხატიაშვილს, რომელიც გიგა კობახიძეს ჩაანაცვლებს.
სხვა მხრივ შემადგენლობა უცვლელია. თამაშს იწყებენ მორკინალები - ვასილ კაკოვინი, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი ცუცქირიძე დაგიორგი სინაურიძე. ხაზში ვიხილავთ - თენგიზ პერანიძეს, ლუკა ცირეკიძეს, თორნიკე კახოიძეს, დემურ ეფრემიძეს, სანდრო თოდუას და აკაკი ტაბუცაძეს. მარქაფიდან თამაშში ჩაერთვებიან თამაზ ჭამიაშვილი, კახაბერ დარბაიძე, გუგა ღანიაშვილი, გიორგი კერვალიშვილი,გიორგი სპანდერაშვილი დაზაურ ლუტიძე.
კაპიტნის ვარჯიში
თამაშამდე ერთი დღით ადრე ‘შავმა ლომმა’ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე კაპიტნის ვარჯიში გამართა. გენერალური რეპეტიციის შემდეგ გუნდის მწვრთნელმა მარკო ბორტოლამიმ და კაპიტანმა მიხეილ ბაბუნაშვილმა მოლოდინებზე ისაუბრეს.
მარკო ბორტოლამი: „კვირამ ძალიან კარგად ჩაიარა. გასული თამაშის შემდეგ მნიშვნელოვანი იყო ენერგია აღგვედგინა. ‘ძებრესთან’ თამაშში უფრო ეფექტურები უნდავიყოთ, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და ვარჯიშებისას ამას დიდი ყურადღება დავუთმეთ. მოუთმენლად ველოდები თუ როგორ ითამაშებენ ბიჭები საკუთარი ოჯახის წევრებისა და გულშემატკივრების წინაშე“.
მიხეილ ბაბუნაშვილი: „წინა კვირაში მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ და ახლაც ძალიან კარგი განწყობა გვაქვს. გვაქვს შანსი, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. რა თქმა უნდა ეს სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ბიჭები მოტივირებულები არიან და ვემზადებით გამარჯვებისთვის“.
„‘ძებრე’ დიდი ხანია ძლიერ ჩემპიონატში, მაღალი დონის გუნდებთან რეგულარულად თამაშობს. მათთან სექტემბერში ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ და იქ გამოჩნდა, რომ ამ გუნდთან გამარჯვება შეგვიძლია. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, რაც დიდი მოტივაციაა და მაყურებელს ვთხოვ გვერდში დაგვიდგეს. ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს განწყობაზე“.
2025/2026 წლების ჩელენჯ თასი
პირველი ჯგუფი. მეოთხე ტური
17 იანვარი. შაბათი.
თბილისი. „ავჭალა“. 17:00 საათი
შავი ლომი (საქართველო) - ძებრე (იტალია)
შავი ლომი
ხაზი: 15. შალვა აფციაური, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1.ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. კახაბერ დარბაიძე, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. რომა მახათაძე.
RUGBY.GE







