„სენტ ეტიენისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის მიმართ ინტერესი დიდია.
ფეხბურთელი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში „ბეშიქთაშს“, „ტრაბზონსპორს“ და „ევერტონს“ დაუკავშირეს, ხოლო ცნობილი ჟურნალისტი ეკრემ კონური იტყობინება, რომ ზურიკოს მიმართ საფრანგეთის ლიგა 1-ის ორი კლუბიცაა დაინტერესებული.
ეს კლუბები „მონაკო“ და „ლილია“, მაგრამ სხვა დეტალები უცნობია, გარდა იმისა, რომ დაინტერესებულ კლუბებს „სენტ ეტიენთან“ სერიოზული მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს, რადგან „მწვანეებს“ სეზონის შუაში გუნდის ლიდერთან განშორება არ სურთ.
დავითაშვილი ბოლო დღეებში ლისაბონის „ბენფიკასაც“ დაუკავშირეს, თუმცა, A Bola-ს ცნობით, ლისაბონის კლუბმა კურსის შეცვლა გადაწყვიტა. ჟოზე მოურინიოს თხოვნით, „ბენფიკა“ ახლა ყურადღებას ბრაზილიელ ვინგერ ანდრე ლუისზე ამახვილებს, რომელიც ამჟამად „რიო ავეში“ თამაშობს. პორტუგალიელები დავითაშვილს ისევ აკვირდებიან, მაგრამ პრიორიტეტების სიაში უფრო დაბლა დაიწია.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს „სენტ ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ლიგა 2-ში ჩატარებულ 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო ერთხელ თავი საფრანგეთის თასზეც გამოიჩინა. გასულ სეზონში დავითაშვილმა ლიგა 1-ში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, რომელშიც 9 გოლით და 8 საგოლე პასით გამოირჩა.





