იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში „ინტერმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირება ძალიან საინტერესო გამოდგა, რომელიც ფრედ დასრულდა.
„ინტერი“ ამ მატჩს სერია A-ში 6-მატჩიანი მოგებების სერიით შეხვდა, „ნაპოლი“ აუტსაიდერ „ვერონასთან“ ქულების დაკარგვით. თუმცა, მოქმედმა ჩემპიონმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ბრძოლისუნარიანობა და „სან სიროზე“ არ წააგო.
„ინტერმა“ კარგად დაიწყო, მეცხრე წუთზე ფედერიკო დიმარკოს გოლით დაწინაურდა კიდეც, მაგრამ „ნაპოლი“ ამ გოლმა არ გატეხა, მალევე, სკოტ მაკტომინეიმ შეძლო გათანაბრება. ტაიმიც ასე დასრულდა.
მეორე ნახევარში „ნაპოლი“ უკეთესი იყო, მაგრამ გოლი პირველმა გაუშვა. ჰაკან ჩალჰანოღლუმ პენალტით შეძლო მილანელების მეორედ დაწინაურება. ანტონიო კონტეს გუნდი ისევ არ გატყდა, კვლავ მაკტომინეიმ გაიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა და 2:2. გუნდებმა ქულები გაიყვეს.
„ინტერი“ 43 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს „ლეჩესთან“ გამართავს, ხოლო „ნაპოლი“ 39 ქულით მესამე საფეხურზეა და „პარმას“ უმასპინძლებს.
„ინტერი“ – „ნაპოლი“ 2:2 (1:1)
გოლები: 1:0 დიმარკო (9), 1:1 მაკტომინეი (26), 2:1 ჩალჰანოღლუ (73, პენ), 2:2 მაკტომინეი (81)





