გიორგი მიქაუტაძემ 2026 წელს ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა, „ელჩეს“ შემდეგ მან „ალავესიც“ დაამწუხრა და წელიწადი იდეალურად დაიწყო.
ესპანურ გამოცემებში გიორგის თამაშს ამგვარად გამოეხმაურნენ:
As: „პირველ ტაიმში პასებით იშვიათად ამარაგებდნენ. მეორე ტაიმში უფრო მეტად იყო თამაშში ჩართული - გაიტანა და შეეძლო კიდევ ერთი გოლი გაეტანა“.
Eldesmarque (8 ქულა): „ძალიან აქტიური იყო, რაც მაღალი ხარისხის გოლით დაუფასდა, რომელიც სივერას კარში გაიტანა. მან თავისი კარგი თამაში იდეალურად დაასრულა“.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე მისი მონაგარი ასეთია - 21 მატჩი, 7 გოლი და 3 საგოლე პასი.
„ვილიარეალი“ ლა ლიგაში 41 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას“ 8 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული, მომდევნო ტურში კი 17 იანვარს, სევილიის „ბეტისს“ სტუმრად შეხვდება. აღსანიშნავია, რომ "ვილიარეალმა" თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ლა ლიგაში პირველი წრის შემდეგ 41 ქულა პირველად აქვს, რაც მისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.





