„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და სტუმრად ტოპ 14-ის ბინადარი „მონტობანი“ დაამარცხა.
ქართველმა მორაგბეებმა სენსაცია მოახდინეს. პირველ ტაიმში „შავი ლომი“ ცირეკიძის და ტაცუაძის ლელოებით დაწინაურდა და შევენებაზე უპირატესობით გავიდა (17:7). მეორე ნახევრის საწყის ხუთში მარკო ბორტოლამის გუნდმა კიდევ ორი ლელო დადო, რომლებიც სინაურიძისა და ცირეკიძის აქტივშია და ორივე ლელო თაყაიშვილმა გარდასახა. შედეგად, ანგარიში 31:7 გახდა.
„მონტობანმა“ მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა ქულების დაგროვება და ბოლოს თამაშიც დაძაბა, მაგრამ მარცხს ვერ გადაურჩა - საბოლოოდ, „შავმა ლომმა“ 31:28 გაიმარჯვა.
„თამაშის მართვა უნდა ვისწავლოთ. მთლიანობაში ვფიქრობ, ძალიან დიდი გულით ვითამაშეთ და მშვენიერი ლელოებიც დავდეთ, ასე რომ ამაზე უნდა ავაგოთ შემდეგი ნაბიჯები. ახლა ხანგრძლივი მგზავრობა გველის უკან დასაბრუნებლად, ამიტომ აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა „ძებრესთან“ კარგად ვითამაშოთ. ბევრი რამ არ შემიცვლია. ვფიქრობ, გუნდის სული და მებრძოლი განწყობა ისედაც აქვს და უბრალოდ ვთხოვე მათ, რომ ერთმანეთისთვის ეთამაშათ. სწორედ ეს მომეწონა ყველაზე მეტად პირველივე კვირაში. ამ ხასიათზე და იმ უნარზე, რომ ერთმანეთს დაეხმარონ, შეგვიძლია ავაშენოთ ყველაფერი. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ. აქვთ შესანიშნავი შრომის ეთიკა და ძალიან კარგია, ასეთი გუნდის ნაწილი რომ ხარ“, - თქვა „შავი ლომის“ ახალმა მწვრთნელმა მარკო ბორტოლამიმ, რომელსაც დებიუტი ჰქონდა.
„შავი ლომი“ ერთი მოგებით და ორი წაგებით ჯგუფში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 იანვარს, „ძებრეს“ უმასპინძლებს.







