crocobet დიდი 10-ის მეთორმეტე ტურის დასკვნით მატჩში ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘ლელო’ ბონუს-ქულით, 36:15 დაამარცხა და ახალ წელს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ხვდება.
ვიცე-ჩემპიონმა მეტოქეს 5 ლელო გაუტანა, თავად კი ორი მიიღო. შედეგად, ‘აია’ 43 ქულით ‘არესს’ გაუტოლდა და მას ურთიერთშეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებით გადაასწრო. პირველ ადგილზე მყოფ ‘ბათუმს’ 44 ქულა აქვს. ‘ლელოს’ 23 ქულა დარჩა და მე-7 ადგილზე დაქვეითდა.
ანგარიში გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმით გახსნა. მე-13 წუთზე ‘აია’ დავით ვარდანიძის სინბინის შემდეგ მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა და ‘ლელომ’ იქვე ლელო გაიტანა - მოლი 5 ქულით ბადრი ალხაზაშვილმა დაასრულა. მე-18 წუთზე ყვითელი ბარათი თბილისელთა მეორეხაზელმა ნოდარ ჭეიშვილმა მიიღო და 1 წუთში ბაჩუკი ბარათაშვილმა მასპინძლებს ლელოთი უპირატესობა დაუბრუნა. ბაბუნაშვილმა გარდასახა.
პეტრე ხუციშვილმა ჯარიმით სხვაობა 2 ქაულამდე შეამცირა, თუმცა 32-ე წუთზე ქუთაისელებმა კარგი ხელდახელ შეტევა განახორციელეს, რომელიც ათუკა ზვიადაძის ეფექტური ლელოთი დასრულდა და ტაიმი 15:8 მორჩა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ალხაზაშვილი სინბინით დაისაჯა და ‘აიამ’ რიცხობრივი უპირატესობით 5 წუთში ისარგებლა - დავით ვარდანიძემ ხაზი გაჭრა და მისი ლელო ბაბუნაშვილმა გარდასახა. ‘ლელომ’ დისციპლინა ვერ გამოასწორა და 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი პეტრე ხუციშვილმა მიიღო. კაცნაკლულმა ‘ლელომ’ ამჯერად მოახერხა თავის დაცვა. თუმცა ‘აიამ’ სათამაშო უპირატესობა 65-ე და 68-ე წუთებზე ორ გატანილ ლელოში ასახა. პირველ ჯერზე თავი ნოდარ დოლიძემ გამოიჩინა, მეორე შემთხვევაში კი 5 ქულა საბა ერემეიშვილმა მიითვალა. გარდასახვები ბაბუნაშვილმა და გუჯა მახარეიშვილმა შეასრულეს.
ტაიმის ბოლოს დისციპლინამ უკვე ქუთაისელებს უმტყუნა. ყვითელი ბარათები დოლიძემ და ზურაბ ხუციძემ მიიღეს, 77-ე წუთზე კი ერთი ლელო მიხეილ ყაჩლავაშვილმა გაიტანა და მანვე გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 36:15. მატჩის საუკეთესო მოთამაშე საბა შარვაშიძე გახდა.
crocobet დიდი 10 ზამთრის შესვენებაზე გავიდა და ის 13-15 თებერვალს, მე-13 ტურით განახლდება.
RUGBY.GE









