ფეხბურთი

21:35 | 18.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ფლამენგოს" მწვრთნელი: "თითქოს, საფონოვს ჩვენს ვარჯიშზე ნაყურები ჰქონდა"

„ფლამენგოს“ მთავარმა მწვრთნელმა ფელიპე ლუისმა საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ბრაზილიელმა მეტოქეს მიულოცა და მატვეი საფონოვზე ისაუბრა, რომელმაც პენალტების სერიაში ხუთიდან ოთხი პენალტი მოიგერია:

„მეკარეები, ანალიტიკოსები და მწვრთნელები სწავლობენ მეტოქეს და უზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას. პსჟ-ს მეკარეს აშკარად ძალიან კარგად ვყავდით შესწავლილი და ეს იმაშიც ჩანდა, თუ როგორ ელოდა პედროს დარტყმას და როგორ დარჩა ცენტრში ლეოს პენალტის დროს. თითქოს, საფონოვმა ჩვენს გუშინდელ ვარჯიში უყურა. ეს მართლაც აღფრთოვანების მომგვრელი იყო. მინდა მივულოცო პსჟ-ს, რომელმაც ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა და დაიმსახურა ეს გამარჯვება.

ვულოცავ როგორც პსჟ-ს, ასევე მათ მეკარეს, რომელმაც ამდენი პენალტი მოიგერია. ჩვენთვის უკვე დიდი მიღწევა იყო მეტოქის შეჩერება 120-ე წუთამდე. ჩვენი ნახევარმცველები უნაკლოები იყვნენ, მაგრამ მე-60 წუთისთვის თითქმის დაიღალნენ.

ჩემთვის, ეს „ფლამენგოს“ მწვრთნელის რანგში ფინალში ჩემი პირველი მარცხია, თუმცა ლუის ენრიკეს პსჟ-სთან წავაგეთ, გუნდთან, რომელმაც ერთ წელიწადში ექვსი ტიტული მოიგო, ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს, საუკეთესო მწვრთნელი და „ოქროს ბურთიც“ მფლობელიც ჰყავს. დადგება დღე, როდესაც სამხრეთ ამერიკული გუნდი გაიმარჯვებს, მაგრამ ჩვენი ევროპელი მეტოქეები წარმოუდგენლად მაღალი დონის არიან“, - თქვა ფელიპე ლუისმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087037