რაგბი

10:37 | 14.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ნოემბერში გამოირიცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე “ბორჯღალოსნებს” ნოემბერში ტონგასთან, ირლანდიასთან და იაპონიასთან გასამართ ტესტ-მატჩებში ვერ დაეხმარება.

30 წლის მესამეხაზელი “მონპელიედან” “ტულონში” ზაფხულში გადავიდა, მაგრამ მისთვის სეზონი უიღბლოდ დაიწყო. წინასასეზონო მზადებისას გამართულ მეორე ამხანაგურ მატჩში, მან მარცხენა მუხლი დაიზიანა, რის გამოც ორი თვე უქმობა მოუწია და მოედანს სექტემბრის მიწურულს დაუბრუნდა. სამწუხაროდ, თოპ 14-ის გასულ ტურში, “ტულუზასთან” 10:21 წაგებული შეხვედრის 72-ე წუთზე მან იგივე ტიპის ტრავმა მარჯვება მუხლზე მიიღო.

ორშაბათს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ ექიმების წინასწარი ვარაუდი დაადასტურა. გორგოძეს მკურნალობა 4-6 კვირა მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ნოემბრის ბოლომდე მოედანზე ვერ გავა. შედეგად, მამუკა გამოტოვებს “ჩემპიონთა თასის” ორ მატჩს “სკარლეტსთან” და “ოლსტერთან”, თოპ 14-ის ორ შეხვედრას “გრენობლთან” და “კასტრთან” და საქართველოს ეროვნული ნაკრების სამ ტესტ-მატჩს - 8 ნოემბერს თბილისში ტონგასთან, 16 ნოემბერს დუბლინში ირლანდიასთან და 23 ნოემბერს თბილისში იაპონიასთან.

0.217384