რაგბი

21:35 | 14.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | გორი 24:52 ბათუმი

საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ crocobet დიდი 10-ის მე-11 ტურის შეხვედრაში ‘გორის’ წინააღმდეგობა დასკვნით 20 წუთში გატეხა და საბოლოოდ დამაჯერებლი გამარჯვება მოიპოვა - 52:24.

გორის „ჭალის სტადიონის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში წარიმართა. ქარმა და თოვლმა მატჩის მსვლელობას დაღი ვერ დაასვა და ის სანახაობრივი გამოდგა. ანგარიში მასპინძლებმა მე-7 წუთზე გახსნეს, როდესაც გუნდის კაპიტანმა ნიკა ბიწაძემ კარის წინ 5 მეტრში ჯარიმა სწრაფად გაათამაშა ბურთი ძელებსშუა დაამიწა, მამუკა ნინიძემ კი გარდასახა.

‘გორი’ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, ბურთსაც აკონტროლებდა, თუმცა ‘ბათუმი’ მე-14 წუთზე პირველად შევიდა მეტოქის 22-ში და საპასუხო ლელოც გაიტანა - დაახლოებით 20-მეტრიანი მოლი იონა ფირცხალავას ლელოთი დასრულდა. 5 წუთში სტუმრებმა მეორედ უწიეს მეტოქის 22-ს, ამჯერად 80-მეტრიანი ხელდახელ შეტევით და რაქიდან ლელოში ბურთი კვლავ ფირცხალავამ გადადო. რეზი ჯინჭველაშვილმა ორივე გარდასახა.

‘გორმა’ წონასწორობა 3 წუთში აღადგინა. რაფაელე ტუნინდაუმ გადაცემა 10-მეტრიან წყვეტილთან ჩაჭრა, კარგად იარა და მეტოქის 22-ში შესულმა ლელოში ბურთი აპიმელეკი ნამბოლენგას შეაყოლა. ნინიძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა, 28-ე წუთზე კი არეკნით მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა. 34-ე წუთზე ქართლელები საბა ჯღარკავას სინბინის შემდეგ მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩნენ, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს, მოლის შემდეგ ბურთი რომა მახათაძეზე გაიტანეს და მანაც ალამთან ლელო ნახტომში გაიტანა. ზედ შესვენების წინ სინბინით ‘ბათუმის’ კვაჭი ვაჟა თაგაურიც დაისაჯა, ტაიმი კი 17:19 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კავეკინი ტამბუმ ორი მბოჭავი ჩამოიცილა და ძელებსშუა გატანილი ლელოთი ზღვისპირელთა უპირატესობა გაზარდა. ჯინჭველაშვილმა გარდასახა. ‘გორმა’ 55-ე წუთზე კარგი ხელდახელ შეტევით უპასუხა, რის შემდეგაც ნამბოლენგამ ფეხით ითამაშა და ბურთი ლელოში თავად დაამიწა. ნინიძემ გარდასახვით სხვაობა კვლავ 2 ქულამდე დაიყვანა.

ამის შემდეგ ზღვისპირელები სრულად დაეუფლნენ უპირატესობას და 4 უპასუხო ლელო გაიტანეს. ლაშა ფოფხაძემ მოლის, ხოლო გაგა არაბულმა კარგი შეტევის შემდეგ ძალისმიერი ლელოები შეიტანეს, დავით ტრაპაიძემ და ვაჟა მიქაძემ კი საბოლოო წერტილი დასვეს. ჯინჭველაშვილმა ბოლო ოთხი გარდასახვიდან სამი გამოიყენა - 52:24. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლაშა ფოფხაძე გახდა.

‘ბათუმმა’ ბონუს-ქულაც მოიპოვა და ჯამში 39-ით მეორე ადგილზეა. ის ლიდერ ‘არესს’ 4 ქულით ჩამორჩება. ‘გორის’ 13 ქულით ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზეა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158978