რაგბი

13:26 | 14.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ხვამლი 20:27 არმია

დედაქალაქურ დერბიში ‘არმიამ’ ‘ხვამლს’ მისსავე მოედანზე 27:20 სძლია და „სარბიელის სინი“ შეინარჩუნა. ამასთან, არმიელებმა მეტოქე სატურნირო ცხრილშიც ჩამოიტოვეს.

crocobet დიდი 10-ის XI ტურის შემდეგ, ‘არმიას’ 23 ქულა მოუგროვდა, ერთბაშად ორი საფეხურით დაწინაურდა და ‘ლელოსთან’ ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს. ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით ნუგეშ-ქულა მოიპოვა ‘ხვამლმა’, ჯამში 21 მოაგროვა და მასთან მეშვიდე-მერვე ადგილებს ინაწილებს.

„ხვამლი არენაზე“ გამართულ მატჩში მასპინძლები მე-10 წუთზე დაწინაურდნენ. ორმხრივი შეცდომების შემდეგ, მერლს პიტერსმა ფეხით სცადა ბურთის საკუთარი 22-იდან გამოტანა, მას ლაშა მალაღურაძემ დაუფარა და ლელო გაიტანა, რასაც გარდასახვით კიდევ 2 ქულა შემატა. ტაიმის ბოლოს ‘არმიას’ ქონდა კარგი შეტევა, კარის წინ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და ის პიტერსმა 3 ქულად გარდასახა. შესვენების წინ პიტერსმა საკუთარი 22-ის ხაზთან ჩაჭრა გადაცემა და ლელომდე დაახლოებით 80 მეტრი ირბინა, რითაც სტუმრები დააწინაურა - 7:8.

მეორე ტაიმი ‘არმიას’ შეტევებით დაიწყო, დერეფნის შემდეგ მათ შეტევის მიმართულება შეცვალეს, ანდრე მანუელმა ხაზი მარტივად გაჭრა და ლელო გაიტანა. მალაღურაძემ მეტოქეს 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით უპასუხა, 56-ე წუთზე კი სტუმრებმა 22-ში ხელდახელ შეუტიეს, ორჯერ შეცვალეს შეტევის მიმართულება და თენგო გიგოლაშვილის ლელო პიტერსმა გარდასახა.

70-ე წუთზე მასპინძელთა არაზუსტი გადაცემით უკვე მანუელმა ისარგებლა, მოედნის ცენტრში ბურთს ფეხი წაკრა, ის თავად აიტაცა და ძელებსშუამდე ირბინა. პიტერსი კვლავ ზუსტი იყო. ‘ხვამლმა’ ლელოთი 4 წუთში უპასუხა. მალაღურაძის ფეხით შეცურებულ ბურთს მიხეილ თაყაიშვილი მიყვა და დაამიწა, რითაც მეტოქეს ბონუს-ქულა ჩამოართვა. მალაღურაძემ ზუსტი გარდასახვის შემდეგ ბოლო წუთზე ჯარიმაც გაიტანა და ნუგეშ-ქულა თავის გუნდს შესძინა - 20:27.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო ნახუცრიშვილი გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.114209