საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-16 ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „მეცს“ ესტუმრა, გიორგი წიტაიშვილმა კი ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა.
სამი ქართველიდან მხოლოდ ის იყო ძირითად შემადგენლობაში და „მეცის“ რიგებში ცალსახად გამორჩეული იყო. გიორგის შესანიშნავი თამაში ულამაზესი გოლითაც დაუფასდა: მე-80 წუთზე წიტაიშვილი დრიბლინგით შეიჭრა საჯარიმოში და მაატვეი საფონოვს აუღებელი დაურტყა.
„მეცმა“ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ მეტი ვერ შეძლო, 2:3 წააგო. პსჟ-ს რიგებიდან გოლები გონსალო რამოშმა, კვენტინ ნჯანტუმ და დეზირე დუემ გაიტანეს. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ლიგა 1-ში მისი მონაგარი 14 მატჩში 3 გოლი და 3 ასისტია.
წიტაიშვილი 85-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა შეცვალა. წიტაიშვილის აქტივში ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 2 გოლია და ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო აბუაშვლი 10 შეხვედრაში 1 გოლით გამოირჩა.
„პარი სენ-ჟერმენს“ 16 ტურში 36 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში 4 იანვარს, „პარიზს“ უმასპინძლებს, მაგრამ მანამდე 17 დეკემბერს, საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „ფლამენგოს“ შეხვდება, ხოლო 21 დეკემბერს, საფრანგეთის თასზე ითამაშებს.
„მეცი“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და 11 ქულით ბოლო ადგილზეა, 4 იანვარს, „ლორიენს“ ესტუმრება.






