ფეხბურთი

17:17 | 12.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "რასაც მოედანზე ვხედავ, კმაყოფილი ვარ, მაგრამ გაუმჯობესებაც შეგვიძლია"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის ლიგა 1-ში „მეცთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდი ისეთი ინტენსივობით თამაშობს, როგორც გასული სეზონის მეორე ნახევარში თამაშობდა:

„თამაშის ხარისხით, ვფიქრობ, რომ იქ ვართ, სადაც გვინდა ვიყოთ. საკმაოდ ბევრი რამ გავაუმჯობესეთ, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესის გაკეთება შეგვიძლია. თუმცა, რასაც მოედანზე ვხედავ, კმაყოფილი ვარ, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.

ყველა მატჩი თავისებურ გამოწვევებს წარმოადგენს. იქნება ეს მეცის თუ სხვა ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ. უბრალოდ ვიცით, რომ რთული იქნება, რადგან ისინი მოტივირებულები იქნებიან და გამარჯვება სჭირდებათ. სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია.

იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს ბევრი მოგზაურობა ძალიან დიდ დაღლილობას არ გამოიწვევს. თუმცა, არ გვინდა საბაბის ძებნა. საუკეთესო პირობებში ვმოგზაურობთ, მაგრამ მაინც შეიძლება დამღლელი იყოს. თუმცა, ვარჯიშზე ვხედავ, რომ გუნდი მზადაა წლის ამ საინტერესო დასასრულისთვის. შევალიე ჩვენთან დაბრუნდა, დღეს ჩვეულებრივად ივარჯიშა. შევძელით მატვეი საფონოვის თამაშის ნახვა და მან რამდენიმე შესანიშნავი რამ აჩვენა. ასევე, თავისი პროფესიონალიზმი. მოხარული ვარ, რომ ყველა მზადაა საჭიროების შემთხვევაში.

საკონტინენტთაშორისო თასის მონაწილე ყველა გუნდი თანაბრად მოტივირებული იქნება. ტიტული ყოველთვის მნიშვნელოვანია და ეს ისეთია, რომლის მოგების შანსიც იშვიათად გვეძლევა. ეს არის თასი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შეგვიძლია გასულ სეზონთან შედარება გავაკეთოთ, მაგრამ ის, რასაც ახლა ვაჩვენებთ, გასული სეზონის ბოლო ექვსი თვის გაგრძელებაა. ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი ჩვენი გუნდის ხარისხში. შეგვიძლია უკეთესად ვითამაშოთ, თუმცა, იგივენაირად ვთამაშობთ, იმავე ინტენსივობით, როგორც გასულ სეზონში.

გვინდა, რომ დემბელე ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნდეს. სეზონის პირველი ოთხი თვის განმავლობაში უსმანის ნორმალურ მდგომარეობაში ნახვა ვერ შევძელით. ეს სამწუხაროა როგორც გუნდისთვის, ასევე მისთვის. ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია მას. თუმცა, მისი არყოფნა უნდა მოვაგვაროთ და უზრუნველვყოთ, რომ ის საუკეთესო ფორმაში დავაბრუნოთ. უსმანი ბოლო რამდენიმე დღეა ავად არის, ინდივიდუალური ვარჯიში განაახლა. ყველა დაშავებულ მოთამაშესთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. იმედი მაქვს, რომ შობის შემდეგ და დროთა განმავლობაში ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან და გუნდი სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მზად იქნება.

სატრანსფერო ფანჯარაზე, როგორც ყოველთვის, ღია ვარ. ძალიან კარგი სპორტული დირექტორი გვყავს, რომელიც შესაძლებლობებს აანალიზებს. გვჯერა ახალგაზრდული აკადემიის მოთამაშეების, მაგრამ ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩვენთვის მოთამაშის დამატება ადვილი არ არის. თუ იცით რომელიმე ძალიან საინტერესო და ნაკლებად ძვირადღირებული მოთამაშე, მზად ვარ მოგისმინოთ. ყველაფერს ვაანალიზებთ და ვიცით, სად გვინდა წასვლა. რა თქმა უნდა, ვეძებთ, ეს ნორმალურია, მაგრამ დარწმუნებულები ვართ იმაში, რასაც ვაკეთებთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ, რომელიც ლიგა 1-ში 33 ქულით მეორე ადგილზეა, „მეცს“ 13 დეკემბერს, დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086275