„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „ბრაიტონთან“ მატჩის წინ ალისონის დაბრუნებაზე ისაუბრა.
როგორც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა განაცხადა, ალისონის დაბრუნება კარგია, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმაც კარგად იმუშავა, როცა ბრაზილიელი ტრავმირებული იყო:
„ყოველთვის, როდესაც მოთამაშე ისევ ხელმისაწვდომია, მით უმეტეს, ისეთი კარგი ფეხბურთელი, როგორიც ალისონია, ეს სასარგებლოა. თუმცა, ვფიქრობ, გიორგიმ [მამარდაშვილმა] ასევე შესანიშნავი სამუშაო გასწია, როცა ალისონი აქ არ იყო. არამგონია, გიორგის ან ალისონს ზოგადად ბევრი საქმე ჰქონოდათ თამაშებში, რადგან თითქმის ყველა თამაშში, რაც ჩავატარეთ, მომენტები თითქმის არ მიგვიღია, ყველაში არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ თამაშების 90 პროცენტში... ასე რომ, დიახ, ყოველთვის სასარგებლოა, როდესაც მისი დონის მოთამაშე ბრუნდება. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ გიორგიმაც კარგი სამუშაო გასწია, მაგრამ სასიამოვნოა ალისონის დაბრუნება“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ხუთი მატჩი ჩაატარა, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, ხოლო ერთხელ ინგლისის ლიგის თასზე.
„ლივერპული“ „ბრაიტონს“ 13 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაუპირისპირდება.






