ფეხბურთი

2:10 | 11.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" "ბერნაბეუზე" მოიგო, "არსენალი" ისევ უდანაკარგოა

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტური დასრულდა. ცენტრალური დაპირისპირება მადრიდის „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის გაიმართა.

ჩაბი ალონსოს მიმართ დიდი კრიტიკაა და ამბობენ, რომ ფლორენტინო პერესი მის გათავისუფლებაზე ფიქრობს. და, თუ ასეა, „სიტისთან“ მატჩი ვერაფერს შეცვლიდა, პირიქით. „რეალი“ ისევ დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ როდრიგოს გოლით იგებდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა პირველივე ტაიმში ნიკო ორაილისა და ერლინგ ჰოლანდის გოლებით სიტუაცია შეცვალა, მეორე ნახევარში უპირატესობა შეინარჩუნა და „ბერნაბეუზე“ 2:1 გაიმარჯვა.

„მანჩესტერ სიტი“ 13 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ბოდო გლიმტს“ ესტუმრება, ხოლო „რეალი" 12 ქულით მეშვიდეა და „მონაკოს“ უმასპინძლებს.

ლონდონის „არსენალი“ ტურნირრზე ერთადერთია, რომელსაც ექვსი ტურის შემდეგ ქულა არ დაუკარგავს. მიკელ არტეტას გუნდმა მორიგი ადვილი გამარჯვება მოიპოვა, სტუმრად „ბრიუგესთან“, ნონი მადუეკეს დუბლით და გაბრიელ მარტინელის გოლით - 3:0. „არსენალი“ 18 ქულით ლიდერობს ჩემპიონთა ლიგას, მომდევნო ტურში „ინტერს“ ესტუმრება. „ბრიუგეს“ მხოლოდ 4 ქულა აქვს და „კაირატს“ ესტუმრება.

ტურინის „იუვენტუსმა“ კვიპროსულ „პაფოსთან“ იწვალა, მაგრამ მეორე ტაიმში, ექვსწუთიან ინტერვალში ვესტონ მაკკენისა და ჯონათან დევიდის გოლებით 2:0 მოიგო. „იუვესთვის“ ეს ზედიზედ მეორე გამარჯვებაა ჩემპიონთა ლიგაზე და 9 ქულა დააგროვა, მომდევნო ტურში „ბენფიკას“ უმასპინძლებს. „პაფოსის“ აქტივში 6 ქულაა და „ჩელსის“ სტუმრად შეხვდება.

საინტერესო გამოდგა „ლევერკუზენის“ და „ნიუკასლის“ დაპირისპირება, რომელშიც თავიდან მასპინძლები იგებდნენ, შემდეგ სტუმრები და საბოლოოდ ფრე - 2:2. „ლევერკუზენს“ 9 ქულა აქვს და „ოლიმპიაკოსს“ გასვლაზე შეხვდება, ხოლო „ნიუკასლის“ აქტივში 10 ქულაა და პსვ ეინდჰოვენს უმასპინძლებს.

„დორტმუნდმა“ „ბოდო გლიმტს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. იულიან ბრანდტის დუბლით გერმანელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ნორვეგიის ჩემპიონმა ორჯერვე გაათანაბრა და „სიგნალ იდუნა პარკიდან“ ქულა წაიღო. „დორტმუნდმა“ 11 ქულა დააგროვა და „ტოტენჰემს“ ესტუმრება, ხოლო „ბოდო გლიმტს“ 3 ქულა აქვს და „მანჩესტერ სიტის“ დაუხვდება.

ლისაბონის „ბენფიკა“ ჩემპიონთა ლიგაზე საშინლად თამაშობდა, ზედიზედ ოთხი წაგება ჰქონდა, მაგრამ ზედიზედ მეორედ მოიგო და პლეი-ოფში გასვლის შანსი აქვს. ჟოზე მოურინიოს გუნდმა ამჯერად შინ ანტონიო კონტეს „ნაპოლი“ დამაჯერებლად და დამსახურებულად 2:0 დაამარცხა. „ბენფიკას“ 6 ქულა აქვს და „იუვენტუსს“ სტუმრად შეხვდება, ხოლო „ნაპოლის“ მონაგარი 7 ქულაა და „კოპენჰაგენს“ ესტუმრება.

ჩემპიონთა ლიგაზე ახლა შედარებით ხანგრძლივი პაუზაა, მომდევნო ტურის მატჩები 20-21 იანვარს გაიმართება.

„იუვენტუსი“ – „პაფოსი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 მაკკენი (67), 2:0 დევიდი (73)

„ლევერკუზენი“ – „ნიუკასლი“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 ბრუნო გიმარაეში (13, ა.გ), 1:1 გორდონი (51, პენ), 1:2 მილი (74), 2:2 გრიმალდო (88)

„ბრიუგე“ – „არსენალი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 მადუეკე (25), 0:2 მადუეკე (47), 0:3 მარტინელი (56)

„დორტმუნდი“ – „ბოდო გლიმტი“ 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 ბრანდტი (18), 1:1 ალეესამი (42), 2:1 ბრანდტი (51), 2:2 ჰაუგე (75)

„რეალი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:2 (1:2)

გოლები: 1:0 როდრიგო (28), 1:1 ო’რაილი (35), 1:2 ჰოლანდი (43, პენ)

„ბენფიკა“ – „ნაპოლი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 რიოსი (20), 2:0 ბარეირო (49)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097239