ფეხბურთი

21:08 | 10.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "იბერიასთან" რევანში აიღო და საქართველოს თასი ისტორიაში მეორედ მოიგო

საქართველოს ჩემპიონობისთვის ბოლო ტურამდე „იბერია“ და „დილა“ იბრძოდნენ, ჩემპიონობა „იბერიას“ დარჩა, სამაგიეროდ, „დილამ“ საქართველოს თასი მოიგო და ფინალში სწორედ „იბერია“ დაამარცხა.

„დავით პეტრიაშვილის“ სტადიონზე გამართულ ფინალში ანგარიში სწრაფად გაიხსნა: გიორგი ჯგერენაიას ავტოგოლით „დილა“ დაწინაურდა და ტაიმი ასეც დასრულდა. სამაგიეროდ, მეორე ნახევრის სტარტზე გორელებმა მეორე გოლი გაიტანეს, 48-ე წუთზე და პირველი გოლის იდენტური იყო. ამჯერადაც შორეული დარტყმა, რიკოშეტი და ბურთი კარში აღმოჩნდა - ავტოგოლი ამჯერად დერეკ აგიაკვამ მიითვალა.

„იბერიას“ ჰქონდა საგოლე მომენტები ორჯერ ბურთი ძელსაც გაარტყეს. გოლი ერთხელ გაიტანეს. 71-ე წუთზე ჯგერენაიამ დალაშქრა მეტოქის კარი და თამაში დაიძაბა.

გუგა ნერგაძის გუნდი ცდილობდა გათანაბრებას, მომენტებიც შექმნა, თუმცა მატჩის ბოლო წუთზე კონტრშეტევით მესამე გოლი გაუშვა. საბოლოო ანგარიში აბუბაკარ კონტემ დააფიქსირა და დიეგო ლონგოს გუნდმა 3:1 გაიმარჯვა.

„დილამ“ საქართველოს თასი ისტორიაში მეორედ მოიგო, 2012 წლის შემდეგ პირველად. გარდა ამისა, 2015 წლის შემდეგ ეს გორელთა პირველი ტიტულია.

ამრიგად, 2025 წლის სეზონში „იბერია“ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო გორის „დილა“ საქართველოს თასის მფლობელი.

„იბერია“ – „დილა“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ჯგერენაია (2, ა.გ), 0:2 აგიაკვა (48, ა.გ), 1:2 ჯგერენაია (71), 1:3 კონტე (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091588