ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეექვსე ტურში "ლივერპულმა" სტუმრად მილანის "ინტერი" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ "მერსესაიდელთა" მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ნიდერლანდელს მოჰამედ სალაჰთან მომხდარ კონფლიქტზე მოუწია საუბარი.
"დღეს "ინტერთან" მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ და როგორც წესი თქვენი კითხვები სწორედ ამაზე უნდა იყოს, მაგრამ კარგად მესმის თუ რატომ მოდის ყველა შეკითხვა სალაჰის შესახებ. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და შესაბამისად ძალიან დიდი გავლენა აქვს, როგორც გუნდზე, ისე ფეხბურთელებზე. მესმის, რომ ყველა ადამიანი ვუშვებთ შეცდომებს ცხოვრებაში, მაგრამ მთავარი ისაა აცნობიერებენ ამას თუ ვერა. ინიციატივა მათგან უნდა მოდიოდეს თუ ჩემგან? ეს სხვა საკითხია"
"რაც "ლიდსთან" მატჩის ბოლო წუთებზე მოხდა ყველაზე ძალიან იმოქმედა და ამ ყველაფერთან გამკლავება გაგვიჭირდა, რადგან მთელი თამაში კარგად ჩავატარეთ, თუმცა გოლი მაინც გავუშვით. ამ ყველაფერს კი შემდეგ სალაჰის ეს განცხადება მოჰყვა", - განაცხადა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰმა "ლიდს იუნაიტედთან" მატჩის შემდეგ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა, რაც არნე სლოტთან კონფლიქტზე მიანიშნებს. მისი თქმით, კლუბში სურვილი აქვთ, რომ არსებული მდგომარეობა სრულიად მას დააბრალონ და გუნდიდან წავიდეს. ამ განცხადების გამო არნე სლოტმა ეგვიპტელი ფეხბურთელი "ინტერთან" სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა.
„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 12 ქულა დააგროვა და მომდევნო ტურში „მარსელს“ შეხვდება, ხოლო პრემიერლიგაში მომდევნო მატჩს 13 დეკემბერს "ბრაიტონის" წინააღმდეგ გამართავს.






