ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე ტურის მატჩები გაიმართა. დღის ცენტრალურ შეხვედრაში „ინტერი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდა.
თავიდანვე ვთქვათ, რომ გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე იყო. „ლივერპული“ მძიმე პერიოდშია, მაგრამ „მილანში“ მოგება მოახერხა. 88-ე წუთზე დომინიკ სობოსლაიმ პენალტით ერთადერთი გოლი გაიტანა. პენალტის დანიშვნამ დიდი პოლემიკა გამოიწვია, რადგან ძნელი სათქმელია, იყო თუ არა, დასანიშნი.
„ლივერპულმა“ 12 ქულა დააგროვა და მომდევნო ტურში „მარსელს“ შეხვდება. არნე სლოტისთვის გამარჯვების გარდა, ყველაზე კარგი ამბავი ისაა, რომ მისმა გუნდმა გოლი არ გაუშვა. „ინტერსაც“ 12 ქულა აქვს, მაგრამ ზედიზედ მეორე თამაში წააგო ჩემპიონთა ლიგაზე, მომდევნო ტურში „არსენალს“ უმასპინძლებს.
დღეს, კიდევ ერთი იტალიურ-ინგლისური დაპირისპირება იყო, რომელშიც იტალიელებმა მოიგეს: „ატალანტამ“ „ჩელსი“ დაამარცხა. „ატალანტა“ სერია A-ში მძიმედ თამაშობს, 14 ტურში მხოლოდ სამჯერ მოიგო, 16 ქულა აქვს, ბოლო ხუთ ტურში ოთხჯერ დამარცხდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე სხვა გუნდია - მესამე ადგილზეა! „ატალანტა“ „ჩელსისთან“ აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ჯანლუკა სკამაკასა და შარლ დე კეტელარეს გოლებით ინგლისური გუნდი 2:1 დაამარცხა.
შედეგად, „ატალანტა“ 13 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ბილბაოს“ უმასპინძლებს. „ჩელსი“ 10 ქულითაა და „პაფოსს“ უმასპინძლებს.
„ბარსელონაც“ აგებდა „კამპ ნოუზე“ „აინტრახტთან“, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში, სამწუთიან ინტერვალში ჟლ კუნდემ დუბლი შეასრულა და ჰანსი ფლიკის გუნდს 2:1 მოაგებინა. „ბარსელონამ“ 10 ქულა დააგროვა და „სლავიას“ ესტუმრება, ხოლო „აინტრახტი“ 4 ქულის ამარაა და „ყარაბაღს“ უნდა ესტუმროს.
„მონაკომ“ „გალათასარაისთან“ პრინციპული თამაში 1:0 მოიგო და 9 ქულა დააგროვა, მომდევნო ტურში „რეალს“ ესტუმრება, ხოლო „გალათასარაისაც“ 9 ქულა აქვს და „ატლეტიკოს“ უნდა უმასპინძლოს.
მადრიდის „ატლეტიკო“ სტუმრად პსვ ეინდჰოვენთან აგებდა, მაგრამ დააქამბექა და საბოლოოდ 3:2 მოიგო. დიეგო სიმეონეს გუნდმა 12 ქულა დააგროვა, მისი მომდევნო მეტოქე „გალათასარაი“ სტამბოლში იქნება, ხოლო პსვ-ს 8 ქულა აქვს და „ნიუკასლს“ ესტუმრება.
„მარსელმა“ უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო, ბელგიაში, ბელგიის ჩემპიონ „უნიონთან“ – 3:2. რობერტო დე ძერბის გუნდმაც 9 ქულა დააგროვა და „ლივერპულს“ უნდა უმასპინძლოს, ხოლო „უნიონს“ 6 ქულა აქვს და „ბაიერნს“ ესტუმრება.
„ინტერი“ – „ლივერპული“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 სობოსლაი (88, პენ)
„ატალანტა“ – „ჩელსი“ 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 ჟოაო პედრო (25), 1:1 სკამაკა (55), 2:1 დე კეტელარე (83)
„ბარსელონა“ – „აინტრახტი“ 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 კნაუფი (21), 1:1 კუნდე (50), 2:1 კუნდე (53)
„ტოტენჰემი“ – „სლავია“ 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 ზიმა (26, ა.გ), 2:0 კუდუსი (50, პენ), 3:0 სიმონსი (79, პენ)
„მონაკო“ – „გალათასარაი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ბალოგუნი (68)
პსვ ეინდჰოვენი - „ატლეტიკო“ 2:3 (1:1)
გოლები: 1:0 ტილი (10), 1:1 ალვარესი (37), 1:2 ჰანცკო (52), 1:3 სორლოთი (56), 2:3 პეპი (85)
„უნიონი“ – „მარსელი“ 2:3 (1:2)
გოლები: 1:0 ხალაილი (5), 1:1 პაიშაო (15), 1:2 გრინვუდი (41), 1:3 გრინვუდი (58), 2:3 ხალაილი (71)









