„ვილიარეალი“ ესპანეთის თასის 1/32-ფინალში მესამე დივიზიონის წევრ „ანტონიანოს“ სტუმრად დაუპირისპირდება და მატჩამდე მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ პრესკონფერენცია გამართა.
მიუხედავად დაბალი რანგის მეტოქესთან დაპირისპირებისა, ესპანელი სპეციალისტი რთულ მატჩს ელოდება, რასაც თავისი მიზეზებით ხსნის:
„მატჩი ძალიან რთული იქნება, რადგან მოედანი პროფესიონალური ფეხბურთისთვის შეუფერებელია და მას უნდა მოვერგოთ. ხელოვნური საფარია, არა უახლესი თაობის და ზომებიც ძალიან მცირეა. სათამაშო პირობებით ჩვენი უპირატესობები გაუქმებულია, ამიტომ ძალიან რთული იქნება. თუმცა, მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა, რადგან თასი ტიტულის მოგების შანსია. ფეხბურთში შეიძლება მოიგო ან წააგო, 14 ტურის შემდეგ ლიდერს 2 ქულით ჩამოვრჩებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს ძალიან კარგად ვაკეთებთ, მაგრამ ხანდახან მეტოქე გჯობნის. გვსურს მომდევნო ეტაპზე გასვლა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს სირთულე. მათთვის განსაკუთრებული მატჩია. მნიშვნელოვანი ფინანსური მოგების გარდა, მათ აქვთ შანსი, გააგდონ ლა ლიგის გუნდი და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
შემადგენლობა? ყველაფერი უნდა შევაფასოთ. არიან გარკვეული მოთამაშეები, რომლებიც, მოედნის პირობებისა და მათი ფიზიკური მომზადების გათვალისწინებით, უნდა ვმართოთ. უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება შევამციროთ ტრავმები. თუმცა ვეცდებით, კონკურენტუნარიანი შემადგენლობით ვითამაშოთ, რადგან მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა“, - თქვა მარსელინომ.
„ვილიარეალის“ მაისურით გოლი ძალიან სჭირდება გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც 4 ოქტომბრის შემდეგ, როცა „რეალს“ გაუტანა, თავი ერთხელ გამოიჩინა ესპანეთის თასზე სუსტ მეტოქესთან და 29 ოქტომბრის შემდეგ უგოლოდაა. ბოლო ერთ თვეში ის მხოლოდ ორჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში და ყველაზე მეტი, 56 წუთი „პაფოსთან“ ითამაშა. ასე რომ, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად ბრძოლა უწევს.






