გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ძირითად შემადგენლობაში ბოლო სამ მატჩში ვერ მოხვდა. თუმცა, AS-ი იტყობინება, რომ სან სებასტიანის „სოსიედადთან“ უახლოეს შეხვედრაში ის სავარაუდოდ სასტარტოში დაბრუნდება.
AS: „გიორგი მიქაუტაძე ამ სეზონში ვილიარეალის ვარსკვლავური შენაძენია, ყველაზე დიდი ხარჯი კლუბმა მის სანაცვლოდ გაიღო. იმედისმომცემი სტარტის შემდეგ, ქართველი თავდამსხმელი სხვადასხვა გარემოების გამო ბოლო სამ მატჩში ძირითად შემადგენლობაში არ იყო. კვიპროსში, „პაფოსთან“ სასტარტო შემადგენლობაში თამაშის შემდეგ, მუხლის ტრავმის გამო „ესპანიოლთან“ ვერ ითამაშა, „მალიორკასთან“ მხოლოდ ნახევარი საათი ითამაშა, ხოლო დორტმუნდში ერთი წუთიც არ უთამაშია. მუხლის პრობლემების შემდეგ, როგორც ჩანს, ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა და ახლა იდეალურ ფორმაშია. თუ ამას ჩემპიონთა ლიგის შემდეგ შესაძლო როტაციის ცვლილებებს დავუმატებთ, „სოსიედადთან“ მატჩი შეიძლება ფეხბურთელისთვის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნების შესაძლებლობა იყოს.
მარსელინოს თავდასხმელის პოზიციაზე ახლა ოთხი მოთამაშე ჰყავს - ჟერარ მორენო, აიოზე პერესი, ტანი ოლუვასეი და მიქაუტაძე. ამიტომ, სასტარტო თერთმეტეულში ადგილის მოპოვება ადვილი არ არის. ქართველი თავდამსხმელის მაჩვენებელი ცუდი არაა: მას 13 მატჩში ოთხი გოლი აქვს გატანილი, რაც მის ხარისხსა და შესაძლებლობებზე მეტყველებს. სან სებასტიანში გასამართი ეს მატჩი მისთვის კარგი შესაძლებლობა იქნებოდა დასაბრუნებლად, თავდაჯერებულობისა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად, რადგან ეს მნიშვნელოვანი თამაშია".
გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა. „ვილიარეალი“ „სოსიედადს“ 30 ნოემბერს ესტუმრება.






