საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა უკრაინის ნაკრებთან შეხვედრის (79:92) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, დასასრული ყველაფერს აქვს და აუცილებლად გამოჩნდება მისი შემცვლელიც, რადგან შეუცვლელი არავინაა:
„ვფიქრობ, რთული თამაში იყო, უკრაინამ უკეთ ითამაშა, რამდენიმე მატჩი დაგვრჩა და უკეთ უნდა ვითამაშოთ. პირველ რიგში, მინდა, ჩემს გუნდს, მწვრთნელებს დიდი მადლობა გადავუხადო. მადლობა იმ კალათბურთელებს, ვისთანაც ერთად მითამაშია. გულის სიღრმეში მართლა არ მჯერა, მაგრამ რაღაცას რომ იწყებ, დასასრულიც აქვს და ეს დროც მოვიდა. ნაკრებს მომავალში წარმატებებს ვუსურვებ და კალათბურთელებს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტაფს ექიმებს, ფედერაციას, ვინც იქ მუშაობს, ვიქტორ სანიკიძის მეთაურობით. არ შემიძლია არ აღვნიშნო თორნიკე შენგელიას ფაქტი: შეიძლება ეს 1%-მაც არ გააკეთოს, რაც მან გააკეთა, ჩამოვიდა და მანაც იბრძოლა. ძალიან დიდი მადლობა პირადად თოკოს, ნაკრების ერთ-ერთი სული და გულია.
გვყავს მოთამაშეები, დარწმუნებული ვარ, რომ გამოჩნდებიან ახალი მოთამაშეები და შემცვლიან, შეუცვლელი არავინაა. მე რომ მოვედი, ზაზა ფაჩულია დამხვდა, ასევე, ვატო ნაცვლიშვილი, ცქიტიშვილი, ბოისა, ჩემამდე ძალიან მაგარი მოთამაშეები იყვნენ და არ არსებობს, რომ ვიღაც არ გამოჩნდეს და მაგრად არ ითამაშოს, ჩემზე უკეთაც“, - თქვა შერმადინმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინს საქართველოს ნაკრებში 201 მატჩი აქვს ჩატარებული და ბოლო შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.









