ბრატისლავის „სლოვანმა“ კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში შინ „რაიო ვალეკანო“ 2:1 დაამარცხა, გურამ კაშიამ კი გოლი გაიტანა.
სლოვაკურმა გუნდმა პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ მეორე ტაიმი შესანიშნავად დაიწყო: 49-ე წუთზე ანგარიში გურამ კაშიამ ვლადიმირ ვაისის (უმცროსი) კარგი პასით გაათანაბრა. სამ წუთში ბრატისლაველებმა მეორეც გაიტანეს და იმარჯვეს. ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
„სლოვანმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა და 3 ქულა დააგროვა, მომდევნო ტურის მატჩს კი სტუმრად „შკენდიასთან“ გამართავს.
რუმინულმა „კრაიოვამ“ საკუთარ მოედანზე გერმანული „მაინცი“ 1:0 დაამარცხა, ანზორ მექვაბიშვილმა კი 94-ე წუთამდე ითამაშა. „კრაიოვას“ 7 ქულა აქვს და მომდევნო ტურში პრაღის „სპარტას“ უმასპინძლებს.
შვეიცარიული „ლოზანა“ სტუმრად 0:2 დამარცხდა პოზნანის „ლეხთან“, ხოლო გაბრიელ სიგუამ მოედანზე 70 წუთი გაატარა. „ლოზანას“ 7 ქულა აქვს, მომდევნო ტურში ფინურ „კუპსს“ ესტუმრება.









