საქართველოს ეროვნულ ლიგას 6-წლიანი პაუზის შემდეგ „რუსთავი“ დაუბრუნდა, რომელმაც ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი პოზიცია გაინაღდა.
გიგა ცეცაძის შეგირდება შინ 3:0 მოუგეს „დინამო 2“-ს ნიკა ჯაფარიძის, ჟან სოუზას და ბილი ჯიბრილის გოლებით. ამავე ტურში, მისი კონკურენტი „სპაერი“ ბოლნისის „სიონთან“ 0:3 დამარცხდა და პირველი ადგილის ბედი გაირკვა.
სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „რუსთავი“ „სპაერს“ 7 ქულით უსწრებს (68-61). შესაბამისად, გაინაღდა ელიგაში დაბრუნება, სადაც ბოლოს 2019 წელს იყო. „სპაერი“ პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას, რადგან მეორე ადგილი განაღდებული აქვს. არადა, სეზონის შუაში „სპაერი“ „რუსთავს“ 10 ქულით უსწრებდა.
მესამე ადგილისა და შესაბამისად, პლეი-ოფის კიდევ ერთი საგზურისთვის ბრძოლაა: „სამტრედიას“ და „მეშახტეს“ 46-46 ქულა აქვთ და ისინი მომდევნო ტურში ერთმანეთს ხვდებიან. იქვეა, მარტვილის „მერანიც“ 44 ქულით, მაგრამ „მერანის“ შემთხვევაში სიტუაცია უჩვეულოდაა: შეუძლია გადასასვლელ პლეი-ოფში მოხვედრა (მინუს ორ ქულაშია) და ასევე, შეიძლება გასავარდნ პლეი-აუტში მოხვდეს (პლუს ორი ქულა აქვს).
ლიგიდან გავარდა „დინამო 2“, გასავარდნ ზონაშია „გონიო“, ხოლო პლეი-აუტის ზონაში „ლოკომოტივი“ და „იბერია“ 2“, ეს უკანასკნელი „სიონს“ ჯერჯერობით, ბურთების ბალანსით სჯობნის.






