რაგბი

21:03 | 21.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | აია 22:26 ბათუმი

crocobet დიდი 10-ის პირველი წრის დასკვნითი ტურის პირველ მატჩში ერთმანეთის პირისპირ გასული ჩემპიონატის ფინალისტები წარსდგნენ. მოქმედმა ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ ქუთაისში ‘აია’ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და მინიმუმ დღეს საღამომდე სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაწინაურდა.

2-კვირიანი შესვენების შემდეგ, გუნდებს თამაშში დაბრუნება გაუჭირდათ. პირველ ტაიმში ხშირი იყო ტექნიკური წუნი და შეჩერებები. აი მეორე ტაიმში კი „აია არენაზე“ სანახაობრივი ბრძოლა გაჩაღდა. დასკვნით 30 წუთში მასპინძლებმა სამი ლელოს გატანა მოახერხეს, თუმცა გიორგი ბაბუნაშვილს რთული პოზიციებიდან გარდასახვები გაუცუდდა და ზღვისპირელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს.

თამაში ‘აიას’ შეტევებით დაიწყო. ‘ბათუმმა’ თავი კარგად დაიცვა და მე-8 წუთზე ანგარიშის გახსნის ხელსაყრელი შესაძლებლობა მიიღო, მაგრამ ვაჟა მიქაძეს ჯარიმიდან დარტყმა გაუცუდდა.მე-14 წუთზე სტუმრებმა ლელოდან 5 მეტრში ჯარიმის ნაცვლად შერკინება ირჩიეს, საიდანაც გიორგი შუკაკიძემ შეუტია და ზღვისპიერელები დააწინაურა. რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა. ‘აიას’ ტაიმის შუაში შეეძლო პასუხის გაცემა, საბა შარვაშიძემ ფეხით შეცურებული ბურთი აიღო და სახიფათოდ შეუტია, მაგრამ 5-მეტრიანთან მისი გადაცემის შემდეგ წინთამაში დაფიქსირდა.

29-ე წუთზე ‘აიამ’ მეტოქის 22-ში თავისუფალი გაითამაშა, რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი მარცხენა ფრთაზე თემურ კოხოძემდე ჩათამაშდა და მანაც საპასუხო ლელო ალამთან გაიტანა. ბაბუნაშვილს რთული პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა. ტაიმის ბოლოს ზღვისპირელებს ქონდათ კარგი შეტევა და ძელებსშუა ლელოშიც შევიდნენ, მაგრამ ბურთი ვერ დაამიწეს. სამაგიეროდ გაწითლებულ დროზე რეზი ჯინჭველაშვილმა ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 5:10 დასრულდა.

მეორე ტაიმი სტუმრების შეტევებით დაიწყო, საბა ხონელიძემ 22-ში ხაზი გაჭრა, გიორგი მარგალიტაძეს ოფლოუდი გაუხერხა და მანაც ‘ბათუმის’ მეორე ლელო გაიტანა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახა. მალე ყვითელი ბარათი ნიკა ღლონტმა მიიღო და ‘აია’ მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, თუმცა სწორედ ამის შემდეგ დაეუფლა სათამაშო უპირატესობას.

50-ე წუთზე კაცნაკლულმა მასპინძლებმა ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩიეს, დერეფნიდან ორჯერ შეუტიეს და საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს. ამას რეზი მარგალიტაძის სინბინიც მოყვა, მაგრამ ახლა უკვე კაცნაკლულმა ‘ბათუმმა’ აიღო ქულები - ჯარიმა ჯინჭველაშვილმა გაიტანა. 59-ე წუთზე ‘აიამ’ მეტოქის დერეფანი მათსავე 5-მეტრიანთან მოიგო, სწრაფად გადაერთო შეტევაში და გიორგი ფრუიძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ლელო საბა შარვაშიძემ გაიტანა.

გარდასახვა არაზუსტი იყო და ჯინჭველაშვილმა მეტოქეს კვლავ ჯარიმით უპასუხა. 68-ე წუთზე ‘აიამ’ თავისი მეოთხე ლელო გაიტანა. კარის წინ მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბურთი მარცხენა ფრთაზე გავიდა შეტევა 5 ქულით საბა ერემეიშვილმა დაასრულა. გარდასახვა ისევ არაზუსტი იყო და სტუმრებმა ლიდერობა შეინარჩუნეს, მერე კი ჯინჭველაშვილმა მორიგი ჯარიმით უპასუხა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, ‘ბათუმმა’ 26:22 გაიმარჯვა და 33 ქულით პირველ ადგილზე დაწინაურდა. ‘აიას’ ნუგეშ-ქულა ერგო და 29 ქულით მესამე პოზიციაზეა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შუკაკიძე გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091881