NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა, სადაც ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო "ორლანდო მეჯიქმა". გოგა ბითაძეს გუნდმა ამჯერად საკუთარ მოედანზე "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 129:101 დაამარცხა.
მასპინძლებმა თავიდანვე კარგად დაიწყეს და საქმის ბოლომდე მიყვანაც არ გასჭირვებია. "ორლანდომ" "კლიპერსს" ყველა მეოთხედი მოიგო და მიმდინარე სეზონში მე-9 გამარჯვება გაიფორმა.
გოგა ბითაძემ პარკეტზე 16:18 წუთი გაატარა, რა დროშიც საქართველოს ნაკრების ცენტრმა 10 ქულას, 6 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. გოგას ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 4 მოხსნა დააკლდა.
დღევანდელ შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობიდან 31 ქულით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა, ხოლო "ორლანდოს" მხრიდან ყველაზე მეტი 23 ქულა ჯეილენ საგსის ანგარიშზეა.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 9 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს კი გოგას გუნდი 23 ნოემბერს გამართავს და საკუთარ მოედანზე "ნიუ იორკ ნიქსის" უმასპინძლებს.









