ფეხბურთი

21:50 | 20.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდინიომ კარიერა დაასრულა

"შახტარის“, „მანჩესტერ სიტისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ფერნანდინიომ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

40 წლის ბრაზილიელმა თავისი გადაწყვეტილება ოთხშაბათს, 19 ნოემბერს, კურიტიბაში, „არენა და ბაიშადაზე“ გამართული საქველმოქმედო მატჩის დროს დაადასტურა.

„უკვე დავიღალე. ფეხბურთში არაფერია ისეთი, რაც მოტივაციას მომცემს. უკვე მივაღწიე ყველაფერს. ყველაფერი, რისი მიღწევაც შემეძლო, მივაღწიე. ახლა დროა, ოჯახთან ერთად დავტკბე ცხოვრებით“, - თქვა ფერნანდინიომ თამაშის შემდეგ.

ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ოფიციალურ მატჩში ბოლოს 2024 წლის 8 დეკემბერს ითამაშა „ატლეტიკო პარანაენსეს“ შემადგენლობაში „ატლეტიკო მინეიროს“ წინააღმდეგ (0:1). 2024 წლის დეკემბრის ბოლოს მისი კონტრაქტი კლუბთან ამოიწურა და მხარეებმა თანამშრომლობა აღარ გააგრძელეს. მას შემდეგ ფერნანდინიო თავისუფალი აგენტი იყო.

ბრაზილიელმა სახელი „შახტარში“ გაითქვა, სადაც 2005-2013 წლებში თამაშობდა (284 მატჩი, 53 გოლი) და კლუბთან ერთად ექვსჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, მოიგო უკრაინის თასი ოთხჯერ და სამჯერ სუპერთასი, ხოლო 2008/09 წლების სეზონში უეფას თასი.

„მანჩესტერ სიტისთან“ ერთად ნახევარმცველი ხუთჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, მოიგო ერთხელ ასოციაციის თასი, ექვსჯერ ინგლისის ლიგის თასი და ერთხელ ინგლისის სუპერთასი. ფეხბურთელმა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 53 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და 2019 წელს კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09192