საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი გერმანიასთან თბილისში 0:2 წააგო და საქმე კიდევ უფრო გაირთულა.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრი წარმოუდგენელია, მიუხედავად იმისა, რომ მეორე წრე წინაა.
გერმანიამ „მიხეილ მესხზე“ ადვილად მოიგო, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან კლასსა და გამოცდილებას შორის დიდი სხვაობა ყველასთვის ნათელი გახლდათ. ქართველმა ფეხბურთელებმა ისევ პირველი ტაიმის მიწურულს გაუშვეს გოლი. თავი ლენარტ კარლმა გამოიჩინა, რომელიც მიმდინარე სეზონში „ბაიერნის“ შემადგენლობაში ხმაურით გამოჩნდა. მეორე ნახევრის სტარტზე „ბრიუგეს“ ბომბარდირმა ნიკოლო ტრესოლდიმ სხვაობა გააორმაგა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ხუთ ტურში (პირველი წრის შემდეგ) მხოლოდ 5 ქულა აქვს, რითაც მეოთხე ადგილზეა. ჯგუფს უდანაკარგოდ, 15 ქულით საბერძნეთი ლიდერობს, გერმანიას 12 ქულით მეორე ადგილი უკავია. ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ მხოლოდ პირველადგილოსანი გადის, მეორეადგილოსანი ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს რა შანსი აქვს, რომ ეს მოახერხოს, თავად განსაჯეთ...
საქართველო - გერმანია 0:2 (0:1)
თბილისი, „მიხეილ მესხი“
საქართველო (4-5-1): ბერუაშვილი, გვასალია, ბუკია, გიუნაშვილი, ხარებაშვილი (ქარსელაძე 55); ტაბატაძე (პარკაძე 46), ლორთქიფანიძე (წულუკიძე 67), დადიანი, ჯაფარიძე (ბერელიძე 67), ბასილაძე; დეისაძე (ღურწკაია 84)
გერმანია (4-4-2): ზიემენი; იელტში, კოლინსი, ქუარშიე, ზენტერი; კარლი (კადე 84), კემლაინი (ასეკო 75), ბიშოფი, ელ მალა (ანსა 63); ტრესოლდი (ვაიპერი 75), კომური (დამარი 63)
გოლები: 0:1 კარლი (45), 0:2 ტრესოლდი (58)






