პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე გავიდა. რობერტო მარტინესის გუნდმა სამი დღის წინ ირლანდიაში მარცხის შემდეგ რეაბილიტიაცია სწრაფად მოახერხა.
ლუზიტანელებმა პორტუში სომხეთს უმასპინძლეს, რომელიც 9:1 გაანადგურეს და ჯგუფში პირველობა არავის დაუთმეს. ჰეთ-თრიქი შეასრულა ბრუნო ფერნანდეშმა, ისევე, როგორც პსჟ-ს ნახევარმცველმა ჟოაო ნევეშმა, რომელსაც აქამდე ნაკრებში გოლიც არ ჰქონდა, ახლა კი სამჯერ შეაგდო, ხოლო თითოჯერ მეტოქე რენატო ვეიგამ, გონსალო რამოშმა და ფრანსისკო კონსეისაომ დაამწუხრეს. ედუარდ სპერციანის მცირე ხნით გამათანაბრებელი გოლი მხოლოდ პრესტიჟის გამოდგა. არ უთამაშია კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო.
ჯგუფის მეორე მატჩში პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლა იყო, ბუდაპეშტში, სადაც უნგრეთს ფრეც აწყობდა, ირლანდიას მხოლოდ მოგება. დაძაბულ მატჩში უნგრეთი ორჯერ იგებდა, სტუმრებმა ორჯერვე გაათანაბრეს, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეექვსე წუთზე კელტებმა მესამე გაიტანეს და გაიმარჯვეს, შესაბამისად, პლეი-ოფში გავიდნენ! მატჩის გმირი „ალკმაარის“ ფორვარდი ტროი პაროტი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და ირლანდია პირადად გაიყვანა მომდევნო ეტაპზე. პირადად, რადგან, სამი დღის წინ მან დუბლით პორტუგალისთან მოაგებინა ირლანდიას და ეს 6 ქულა გადამწყვეტი გამოდგა.
საბოლოოდ, F ჯგუფში პორტუგალიამ პირველი ადგილი 13 ქულით დაიკავა. მეორე ადგილი და შესაბამისად, პლეი-ოფის საგზური ირლანდიის ნაკრებს ერგო (10 ქულა), უნგრეთი 8 ქულით მესამე საფეხურზე გავიდა, ხოლო სომხეთმა 3 ქულით ბოლო პოზიცია დაიკავა.
აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეცხრედ გავიდა.
პორტუგალია - სომხეთი 9:1 (5:1)
გოლები: 1:0 ვეიგა (7), 1:1 სპერციანი (18), 2:1 რამოში (28), 3:1 ნევეში (30), 4:1 ნევეში (41), 5:1 ბრუნო ფერნანდეში (45, პენ), 6:1 ბრუნო ფერნანდეში (52), 7:1 ბრუნო ფერნანდეში (72, პენ), 8:1 ნევეში (81), 9:1 კონსეისაო (90)
უნგრეთი - ირლანდია 2:3 (2:1)
გოლები: 1:0 ლუკაში (3), 1:1 პაროტი (15, პენ), 2:1 ვარგა (37), 2:2 პაროტი (80), 2:3 პაროტი (90)
| 1. | პორტუგალია | 6 | 4 | 1 | 1 | 20 | 7 | 13 | 13 |
| 2. | ირლანდია | 6 | 3 | 1 | 2 | 9 | 7 | 2 | 10 |
| 3. | უნგრეთი | 6 | 2 | 2 | 2 | 11 | 10 | 1 | 8 |
| 4. | სომხეთი | 6 | 1 | 0 | 5 | 3 | 19 | -16 | 3 |
მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე გავიდნენ ავსტრალია, ირანი, იაპონია, იორდანია, კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი, ალჟირი, კაბო ვერდე, ეგვიპტე, განა, კოტ დივუარი, მაროკო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი, კანადა, მექსიკა, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, ურუგვაი, ახალი ზელანდია, ინგლისი, საფრანგეთი, ხორვატია და პორტუგალია.









