ფეხბურთი

12:35 | 14.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მარტინესი: "რონალდუს მხრიდან თავდასხმა არ ყოფილა, უბრალოდ მცველს იშორებდა"

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ირლანდიასთან 0:2 წაგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კომენტარი კრიშტიანუ რონალდუს წითელ ბარათზეც გააკეთა. ბელგიელი სპეციალისტის აზრით, კრიშტიანუ უბრალოდ მცველს იგერიებდა და თავდასხმა მისი მხრიდან არ ყოფილა.

"ძალიან რთული თამაში გამოვიდა და საბოლოო ჯამში უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ირლანდიამ ეს გამარჯვება დაიმსახურა. ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება, თუმცა ეს მატჩი რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ. ახლა მთელი ყურადღება მომდევნო მატჩზე უნდა გადავიტანოთ და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ, ამაში კი გულშემატკივარის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება რონალდუს წითელ ბარათს, ყველამ ვიცით, რომ მისი დონის ფეხბურთელისთვის საჯარიმოში თამაში გაცილებით, რთულია, რადგან მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ყოველთვის დიდი ყურადღებას იჩენენ მის მიმართ. ამიტომ ხშირად უწევს პოზიციისთვის ბრძოლა და ასეთი მომენტიი იყო გუშინაც. ჩემი აზრით, რონალდუს მხრიდან თავდასხმას ადგილი არ ჰქონია, ის უბრალოდ მცველს იშორებდა. შეხვედრის მთავარ მსაჯს გამეორებაზე უფრო დამძიმებული კადრები აჩვენეს, ვიდრე ეს რეალურად იყო. ასე, რომ რონალდუს რაღაც მომენტში არ გაუმართლა და უნდა გვახსოვდეს, ის ფაქტი, რომ ეს მისთვის სანაკრებო დონეზე პირველი წითელი ბარათი იყო", განაცხადა მარტინესმა.

შეგახსენებთ, რომ 61-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ წითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. კრიშტიანუმ 226-ედ ითამაშა ნაკრებში და პირველად გააძევეს. 40 წლის ფეხბურთელმა დარა ო'შის წინააღმდეგ იუხეშა (იდაყვი ჩაარტყა), რის გამოც შეხვედრის მთავარმა მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა.

ცნობისთვის, პორტუგალია 10 ქულით ლიდერია და ბოლო ტურში სომხეთს შინ თუ მოუგებს, მუნდიალზე მაინც გავა. მეორე ადგილისთვის ყველაფერი უნგრეთი-ირლანდიის დაპირისპირებაში გაირკვევა. უნგრეთს ქულით მეტი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099219