გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართა, სადაც პორტუგალიის ნაკრები დუბლინში ირლანდიის ნაკრებს ესტუმრა და ყველასთვის მოულოდნელად 0:2 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 61-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ წითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. კრიშტიანუმ 226-ედ ითამაშა ნაკრებში და პირველად გააძევეს. 40 წლის რონალდუმ დარა ო'შის წინააღმდეგ იუხეშა (იდაყვი ჩაარტყა), რის გამოც შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა. უკვე ოფიციალურად შეგვიძლია იმის თქმა, რომ პორტუგალიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება კრიშტიანუს გარეშე მოუწევს, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილ მატჩებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის 1 ან 2 შეხვედრის გამოტოვება მოუწიოს.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ფიფას სადისციპლინო კოდექსის თანახმად თუ ფეხბურთელს მოედნიდან განსაკუთრებული უხეშობისთვის აგდებენ, ფეხბურთელმა შესაძლა დამატებითი სასჯელი მიიღოს და 3 ან 4 მატჩი გამოტოვოს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ფიფას სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და ოფიციალური გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალია 10 ქულით ლიდერია და ბოლო ტურში სომხეთს შინ თუ მოუგებს, მუნდიალზე მაინც გავა. მეორე ადგილისთვის ყველაფერი უნგრეთი-ირლანდიის დაპირისპირებაში გაირკვევა. უნგრეთს ქულით მეტი აქვს.









