ქუთაისის ‘აიამ’ crocobet დიდი 10-ის მერვე ტურში ‘წიქარას’ 33:7 სძლია და 5 ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც მოიპოვა.
შედეგად, ვიცე-ჩემპიონმა 5 საცხრილო ქულა მოიპოვა, ჯამში 28 მოუგროვდა და მესამე ადგილზეა. ‘აია’ ლიდერს, კიდევ ერთ ქუთაისურ გუნდ ‘არესს’ 4 ქულით ჩამორჩება. ‘წიქარას’ 16 ქულა დარჩა და მე-7 პოზიციაზეა.
„ავჭალაზე“ გამართული შეხვედრის დებიუტში ‘წიქარა’ გაშვებულ ლელოს გადაურჩა, მაგრამ მერე საკუთარ დერეფანში დაკარგა ბურთი, ის ფრთაზე ჩათამაშდა და თემურ კოხოძემ ლელოთი ანგარიში გახსნა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი გარდასახა. თამაში ორმხრივ, ხელდახელ შეტევებით გაგრძელდა და მე-14 წუთზე ისევ ‘აიამ’ იხეირა - გიორგი ფრუიძემ ცენტრში ჩაჭრა გადაცემა და ძელებსშუამდე ირბინა. გარდასახვა ელგუჯა მახარეიშვილმა შეასრულა.
‘წიქარამ’ მე-19 წუთზე უპასუხა, ჯიუტასა ნავემ შერკინების შემდეგ ხაზი გაგლიჯა და მისი ლელო გიორგი ასათიანმა გარდასახა. ტაიმის დასკვნით წუთებში სტუმრებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს და უპირატესობა გაზარდეს. პირველ ჯერზე ოთია გიორგაძემ დერეფნის შემდეგ შეუტია, ხაზი გაჭრა და ლელო მიითვალა, მერე კი კოხოძემ მარცხენა ფრთაზე ფეხით ითამაშა, მცველმა ბურთი ვერ დაიმორჩილა, მას კოხოძემ ფეხი ერთხელაც წაკრა და თავისი მეორე ლელო გაიტანა. მახარეიშვილმა ერთი გარდასახა - 7:26.
მეორე ტაიმის დასაწყისში ‘წიქარა’ ლელოს გატანასთან ახლოს იყო, თუმცა ‘აიამ’ თავი დაიცვა, 55-ე წუთზე დერეფნიდან შეუტია და საბა ლაღაძემ სტუმართა მეხუთე ლელო გაიტანა, ხოლო მახარეიშვილმა გარდასახა. ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘აიამ’ 33:7 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე დავით ვარდანიძე გახდა.
RUGBY.GE









