თბილისის ‘ლელომ’ დედაქალაქურ დერბიში ‘ხვამლს’ მეორე ტაიმში 27 უპასუხო ქულა გაუტანა და 41:25 დაამარცხა. დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ გამათული crocobet დიდი 10-ის მერვე ტურის მატჩში მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა.
მასპინძლები ორი ადრეული ჯარიმით გიორგი ბოლქვაძემ დააწინაურა, რაზეც ლაშა მალაღურაძემ ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა. მერე მთავარმა მსაჯმა საბა აბულაშვილმა ჯერ „ლელოელი“ ბადრი ციხისთავი, მერე კი „ხვამლელი“ ლუკა ანსიანი გაასინბინა და ბოლქვაძემ მასპინძლების მონაგარს კიდევ 3 ქულა შემატა, თუმცა ამის შემდეგ ინიციატივას მუხიანელები დაეუფლნენ და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს.
ტაიმის შუაში ‘ხვამლმა’ თავისი 22-იდან ხელდახელ შეუტია, მარჯვენა ფრთაზე გიგი ყიფშიძე გაიქცა, მიყოლამაც არ დააგვიანა და ლუკა გელაშვილმა შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. 28-ე წუთზე გიგა ყიფშიძემ სისწრაფეში მიიღო ბურთი, ხაზი გაჭრა და ლელო ძელებსშუა დაამიწა. ორ წუთში სტუმრებმა თავისი ნახევრიდან კიდევ ერთხელ შეუტიეს, ფეხით თამაშის შემდეგ მეტოქის 22-ში ბურთს თავად დაეუფლნენ და ლელო გიორგი კურტანიძემ მიითვალა. მალაღურაძემ ორი გარდასახა.
32-ე წუთზე ‘ხვამლის’ მგეზავი სინბინით დაისაჯა, თუმცა სულ მალე ყვითელი ბარათი სანდრო ქოიავამ მიიღო და დაჩი წიკლაურის ჯარიმის შემდეგ სტუმართა უპირატესობა 16 ქულამდე გაიზარდა. ზედ შესვენების წინ ‘ლელომ’ შეძლო შედეგიანი შეტევის განხორციელება, გაგა ქევხიშვილმა მოძრაობის მიმართულების შეცვლით მცველები უსაქმოდ დატოვა და ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა - 14:25.
მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. ‘ლელომ’ თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენა, ‘ხვამლმა’ ვერა და ეს შედეგზე აისახა. თამაში განახლდა თუ არა შეცვლაზე შესულმა ზურიკო ურთაშვილმა გაგლეჯვაზე ითამაშა და მისი ლელო ბოლქვაძემ გარდასახა. საპასუხოდ მალაღურაძეს 45 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა. 65-ე წუთზე მასპინძლების კარგი შეტევა საბა არჩვაძის ლელოთი და ბოლქვაძის გარდასახვით დასრულდა, რამაც დიდ დიღმელები წინ გაიყვანა.
‘ხვამლს’ წონასწორობის აღდგენა მალევე შეეძლო, თუმცა ქარმა მალაღურაძეს 40 მეტრიდან სამიზნის გასწორების შესაძლებლობა არ მისცა. საპასუხოდ ბოლქვაძემ ორი ზუსტი დარტყმა შეასრულა, გაწითლებულ დროზე მასპინძელთა მოლი ლელოთი გიორგი მაისურაძემ დაასრულა, ბოლქვაძემ გარდასახა და ‘ლელომ’ 41:25 გაიმარჯვა.
შედეგად, ‘ლელო’ 17 ქულით მე-5 ადგილამდე დაწინაურდა და მე-6 პოზიციაზე მყოფ ‘ხვამლს’ 1 ქულით გადაასწრო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ბოლქვაძე გახდა.
RUGBY.GE









