ფეხბურთი

18:36 | 29.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ჰართსი" შოტლანდიაში 40-წლიანი ჰეგემონიის დამხობაზე ოცნებობს

ევროპულ საფეხბურთო ჩემპიონატებში არის ერთი გუნდი, რომელიც მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით, ყველაზე დიდ სიურპირზად შეგვიძლია განვიხილოთ - შოტლანდიური „ჰართსი“.

დერეკ მაკლნისის გუნდი შოტლანდიის პრემიერშიპს 9 ტურის შემდეგ 25 ქულით ლიდერობს, 8 მატჩი მოიგო და ერთადერთხელ ითამაშა ფრე, ბოლო ტურში შინ გლაზგოს „სელტიკიც“ დამაჯერებლად დაამარცხა - 3:1. შედეგად, „ჰართსი“ შოტლანდიური ფეხბურთის ისტორიის შეცვლას უმიზნებს, რადგან ამ ქვეყანაში ჩემპიონი ბოლო 40 წლის განმავლობაში ან „სელტიკი“ ან „რეინჯერსი“ ხდება.

„ჰართსი“ 25 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „სელტიკს“ 8 ქულით უსწრებს, ხოლო „რეინჯერსთან“ 13-ქულიანი უპირატესობა აქვს. რა თქმა უნდა, წინ მთელი სეზონია, მაგრამ ასეთი სტარტი ბუნებრივია, ამბიციებს ზრდის.

1985-1986 წლების სეზონიდან, როდესაც „სელტიკმა“ ბოლო ტურში სწორედ „ჰართსს“ აჯობა, ჩემპიონი შოტლანდიაში მხოლოდ გლაზგოური კლუბები ხდებიან. 1986 წელს, ბოლო ტურში „ჰართსი“ „დანდის“ დაუზავდა , რამაც მას ჩემპიონობა წაართვა, ეს უდიდესი იმედგაცრუება იყო, რომლის წაშლა „ჰართსის“ გულშემატკივრებს დღემდე სურთ. და, შესაძლოა, ეს 40 წლის შემდეგ მოხერხდეს.

ბოლოს შოტლანდიის ჩემპიონი „რეინჯერსი“ ან „სელტიკი“ რომ ვერ გახდა, 1985 წელი იყო - მაშინ სერ ალექს ფერგიუსონის „აბერდინმა“ შეძლო ტიტულის მოპოვება (1984 და 1985 წლებში ზედიზედ ორჯერ). მას მერე, 22-ჯერ ჩემპიონი „სელტიკი“ გახდა, 18-ჯერ - „რეინჯერსი“.

„ჰართსს“ ახალ დიდი ოცნებები აქვს, რაც კლუბში ტონი ბლუმის მისვლის დამსახურებაა. ინგლისელი ბიზნესმენის, რომელიც ინგლისურ „ბრაიტონსა“ და ბელგიურ „უნიონ სენ-ჟილს“ ფლობს. კი, იმ „სენ-ჟილს“, რომელმაც შარშან ბელგიის ჩემპიონატი 90-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. ბლუმმა ზაფხულში „ჰართსის“ აქციების თითქმის 30% შეიძინა.

რაც, მისი ხელმძღვანელობით „სენ-ჟილმა“ 90-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა, ახლა „ჰართსმა“ 65-წლიანი პაუზის შემდეგ უნდა შეძლოს - „ჰართსი“ შოტლანდიის ჩემპიონი ბოლოჯერ და მეოთხედ 1960 წელს გახდა.

„ჰართსი“ შოტლანდიის პრემიერშიპში დღეს მეათე ტურის მატჩს გამართავს, სტუმრად „სენტ მირენთან“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172495