საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა.
„საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით. კარგი ისაა, რომ ყველა მეტოქეს ვიცნობთ. საფრანგეთი შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში ჩვენთან ერთად იყო, ლატვია მასპინძელია და ყოველწლიურად ძალიან, ძალიან უმატებს. ვფიქრობ, ჩვენც არ ვართ საჩუქარი მეტოქეებისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ წინა ევროპის ჩემპიონატის გამოცდილება დაგვეხმარება. ძალიან კარგია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვართ, განსაკუთრებით იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც პირველად მიიღებენ მონაწილეობას, ნახავენ, თუ რა არის უმაღლეს დონეზე თამაში. რაღაც ბარიერი გადავლახეთ, ახლა ვნახოთ, ტოპნაკრებებთან მზად როგორ ვიქნებით. დაგეგმილი გვაქვს მოსამზადებელი ეტაპი, ისე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ 20 იანვრისთვის ფორმის პიკში ვიყოთ და რიგაში ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა ნაკრების მწვრთნელმა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ლატვიასთან, ხორვატიასა და საფრანგეთთან ერთად მოხვდა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად 2022 წელს ითამაშა და ჯგუფიდანაც გავიდა, როცა აზერბაიჯანი და ბოსნია დაამარცხა, ხოლო ბოლო ტურში ესპანეთთან წააგო. მაშინ, ასათიანის გუნდი მეოთხედფინალში გამოეთიშა ევროპირველობას რუსეთთან დაძაბულ ბრძოლაში მარცხით (1:3).
ფუტსალში ევროპის ჩემპიონატი 21 იანვრიდან 7 თებერვლამდე სლოვენიაში, ლიეტუვასა და ლატვიაში გაიმართება.









