ფეხბურთი

2:00 | 21.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

როგორ გამოეხმაურა იტალიური მედია გოგლიჩიძის თამაშს და ლორთქიფანიძის დებიუტს სერია A-ში

„კრემონეზე“ – „უდინეზეს“ მატჩი, რომელიც 1:1 დასრულდა, დაჩი ლორთქიფანიძისთვის სერია A-ში სადებიუტო იყო.

მან 62-ე წუთიდან ითამაშა და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. იტალიური მედია ქართველი ნახევარმცველის თამაშს ასე გამოეხმაურა:

Tuttoudinese 6 ქულა: „ყველა ბურთისთვის იბრძოდა და გუნდს კომპაქტურობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა“.

Tuttomercatoweb 6 ქულა: „ნახევარდაცვაში იბრძოდა და დაცვასაც ეხმარებოდა“.

Calciomercato 6 ქულა: „ის თანაგუნდელზე რაღაცით მეტის გაკეთებას ახერხებს, განსაკუთრებით დაღლილი მეტოქის წინააღმდეგ“.

Cuoregrigiorosso 6 ქულა: „ახალგაზრდა ქართველის, რომელიც კრემონეზეს ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია, დებიუტი სერია A-ში. ის მოედანზე რთულ დროს შევიდა, როდესაც კრემონეზეს უჭირდა, მაგრამ კარგად გამოიყურებოდა“.

Eurosport 6 ქულა: „სერია A-ში მისი პირველი ნახევარი საათი. ნორმალურად ითამაშა, მეტისმეტი ხმაურის გარეშე“.

დაჩი ლორთქიფანიძე „კრემონეზეს“ აღზრდილია და მთავარ გუნდში მიმდინარე სეზონში დააწინაურეს. ის აქამდე განაცხადში მუდმივად ხვდებოდა, მაგრამ თამაშის შესაძლებლობა პირველად მიეცა. „კრემონეზეს“ შვიდ ტურში 10 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს, „ატალანტასთან“ გამართავს.

„უდინეზეს“ რიგებში საბა გოგლიჩიძე მოედანზე შეუცვლელად იყო, იტალიური მედია კი, მის თამაშს შემდეგნაირად გამოეხმაურა:

Tuttoudinese 5.5 ქულა: „პირველ ტაიმში ვანდეპუტეს წინააღმდეგ დიდი სირთულეები განიცადა და მხოლოდ ხანდახან პოულობდა კონტრზომებს. მეორე ტაიმში უკეთესად ითამაშა, მაგრამ მთლიანობაში რთული მატჩი ჰქონდა“.

Tuttomercatoweb 5.5 ქულა: „უდინეზეს“ დაცვას ხშირად უჭირდა და მასაც, განსაკუთრებით პირველ ტაიმში შეუჩერებელი ვანდეპუტეს წინააღმდეგ“.

Udinetoday 5.5 ქულა: „შემთხვევითობა არაა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე „უდინეზეს“ კარს მისი ზონიდან ემუქრებოდა. ქართველს საუკეთესო თამაში არ ჰქონია, ბრძოლებში უჭირდა და ყვითელი ბარათიც მიიღო“.

Eurosport 6 ქულა: „პირველ ტაიმში სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა, რაც შეიძლებოდა მის გუნდს ძვირად დაჯდომოდა, როცა მსაჯმა დაინდო. ამის შემდეგ საკმაოდ ზუსტი იყო და დასწრებაზეც კარგად ითამაშა“.

Mondoudinese 5.5 ქულა: „კრემონეზეს“ მარცხენა ფლანგის ზეწოლის ქვეშ საკმაოდ დიდი პრობლემები შეექმნა. საბოლოო ჯამში, მოლოდინზე უფრო ცუდად ითამაშა, არც თუ ისე ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ“.

Calciomercato 5.5 ქულა: „ვარდის წინააღმდეგ საკმაოდ გაუჭირდა და მოწინააღმდეგები თავისუფალ დერეფანს ყოველთვის მის ზონაში პოულობდნენ“.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ოთხი შეხვედრა ითამაშა. „უდინეზე“, რომელსაც 9 ქულა აქვს, მომდევნო ტურში 25 ოქტომბერს, „ლეჩეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092387