ფეხბურთი

0:59 | 21.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, დაჩი ლორთქიფანიძეს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა

სერია A-ს მეშვიდე ტურში „კრემონეზემ“ „უდინეზეს“ უმასპინძლა და დაჩი ლორთქიფანიძის დებიუტი შედგა.

კრემონელთა 20 წლის ქართველი ნახევარმცველი თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო და ეს მისი პირველი მატჩი იყო არა მარტო სერია A-ში, არამედ „კრემონეზეში“. დაჩი მერვე ქართველია, ვინც იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში ითამაშა კახა კალაძის, ლევან მჭედლიძის, ხვიჩა კვარაცხელიას, საბა საზონოვის, ლუკა ლოჩოშვილის, გიორგი კვერნაძისა და საბა გოგლიჩიძის შემდეგ.

„უდინეზეს“ რიგებში ზედიზედ მეორედ იყო ძირითად შემადგენლობაში გოგლიჩიძე, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო.

მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძელი ფილიპო ტერაჩანოს გოლს მეორე ტაიმში ნიკოლო ძანიოლომ უპასუხა და გუნდები დაზავდნენ.

„კრემონეზეს“ 10 ქულა აქვს, „უდინეზეს“ – 9. მომდევნო ტურში კრემონელები „ატალანტას“ შეხვდებიან, ხოლო უდინელები - „ლეჩეს“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098683