საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „სტრასბურს“ დაუპირისპირდა და ვერ მოიგო.
ლუის ენრიკემ ისევ გადახალისებული შემადგენლობა შეარჩია: სათადარიგო სკამიდან დაიწყეს მატჩი ხვიჩა კვარაცხელიამ, ვიტინიამ, აშრაფ ჰაკიმიმ და ნუნუ მენდეშმა. როტაციამ არ გაამართლა.
პსჟ-მ კარგად დაიწყო და მეექვსე წუთზე ბრედლი ბარკოლას გოლით წინ გავიდა, მაგრამ ცუდად გააგრძელა. ხოაკინ პანიჩელიმ და დიეგო მორეირამ პირველივე ტაიმში „სტრასბური“ დააწინაურეს. მეორე ტაიმის სტარტზე პანიჩელიმ დუბლიც შეასრულა და პსჟ ორბურთიანი ჩამორჩენით აგებდა.
მიუხედავად ამისა, ლუის ენრიკეს გუნდმა მაინც მოიპოვა ქულა, რაც გონსალო რამოშის და სენი მაიულუს გოლებით მოახერხა.
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ დაუბრუნდა და 61-ე წუთიდან ითამაშა. მას ორჯერ შეეძლო გატანა, ერთხელ ძალიან ლამაზის გოლის, მაგრამ ოდნავ არაზუსტი დარტყმა გამოუვიდა, მეორედ მეკარე საკმაოდ ადვილად გაუმკლავდა ეპიზოდს. მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში ყველა ტურნირზე 8 მატჩში 1 გოლია, კონკრეტულად ლიგა 1-ში ექვს მატჩში არც გოლი აქვს და არც პასი.
„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 17 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს, სტუმრად „ლევერკუზენთან“ ჩაატარებს, ხოლო ჩემპიონატში 25 ოქტომბერს, „ბრესტს“ დაუპირისპირდება.
„პარი სენ-ჟერმენი“ – „სტრასბური“ 3:3 (1:2)
გოლები: 1:0 ბარკოლა (6), 1:1 პანიჩელი (26), 1:2 მორეირა (41), 1:3 პანიჩელი (49), 2:3 რამოში (58, პენ), 3:3 მაიულუ (79)






