მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო არენაზე, ძირითადი არენის პარალელურად, 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჩერნოგორიისა და კვიპროსის მესამე ტურის მატჩი გაიმართა.
შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა. გამარჯვებულის ვინაობა მეორე ნახევარში რუდოვიჩის დუბლმა მნიშვნელოვნად განაპირობა. “პსვ ეინდჰოვენის” 18 წლის გარემარბი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისი დუბლის შემდეგ მეტოქე მიხვდა, რომ თავს ზემოთ ძალა არ იყო, თუმცა დამარცხებულები პროფესიულად მიუდგნენ დარჩენილ წუთებს. კვიპროსელები ბოლომდე იბრძოდნენ, უბრალოდ მეტი აღარ შეეძლოთ. კუნძულელები პოზიციურად სწორად მოქმედებდნენ და სათამაშო დისციპლინას არ არღვევდნენ.
სათამაშო დისციპლინის დაცვა ერთ-ერთი მთავარი საფუძველია კვიპროსული კლუბების ევროწარმატებებისა. მათ ვარსკვლავები არასდროს ჰყოლიათ, თუმცა ჰყავთ მშრომელი და პასუხისმგებლიანი ფეხბურთელები. ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც განვითარდნენ და ბავშვებსაც ამ მიდგომით ზრდიან.
ჩერნოგორიის ნაკრებმა თბილისში სამივე მატჩი მოიგო. დღევანდელი ანგარიში სათამაშო კლასის პროპორციულია, თუმცა კვიპროსელები შეეცადნენ უფრო მაღალი დონის გუნდი დაემარცხებინათ. კუნძულელებმა პირველ ტურში რუმინეთი დაამარცხეს, როცა დაცვითმა სტილმა და მინიმალური შანსის გამოყენებამ კლასით მაღლა მდგომ გუნდთან გამარჯვება მოაპოვებინა რენოს დემეტრიადისის მოთამაშეებს.
საქართველო-რუმინეთის შეხვედრაში დიქტორი გასულ და შეცვლაზე შესულ ფეხბურთელთა გვარებს აცხადება, ხოლო კვიპროსისა და ჩერნოგორიის არც ერთი ცვლილება არ გამოცხადებულა. მართალია, სათადარიგო მოედანზე 30-მდე გულშემატკივარი იმყოფებოდა, მაგრამ გულშემატკივართა რაოდენობა ორგანიზატორთა მოვალეობაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს. მოთამაშე ფეხბურთელები ორგანიზატორთაგან მეტ პატივისცემას იმსახურებდნენ.
ალექსანდრ მილენოვიჩის გუნდში რამდენიმე ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია. არ იქნება გასაკვირი, რამდენიმე წლის შემდეგ მათ ტელევიზორში ხშირად თუ ვნახავთ.
რამდენიმე მათგანი უკვე გაცდა სამშობლოს, მაგალითად “ბენფიკას” 19-წლამდე გუნდში ჩაირიცხა 17 წლის ფორვარდი ოლივერ სარკიჩი. ლისაბონური კლუბი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ერთგვარი ტრამპლინია, წარმატების შემთხვევაში შემდეგი ნაბიჯი ევროპული გრანდია.
რუდოვიჩის მსგავსად “პსვ ეინდჰოვენის” საკუთრებაა ფორვარდი ბორის კმილიანიჩი. ისინი პსვ-ს სარეზერვო გუნდში თამაშობენ.
გამარჯვებულთა კიდევ ერთი მოთამაშე, მეკარე მატია სარკიჩი ბელგიური “ანდერლეხტის” საფეხბურთო სკოლაში თამაშობდა, ხოლო გასულ ზაფხულს 19-წლამდე გუნდში დააწინაურეს.
კვიპროსელი მოთამაშეების უმრავლესობა სამშობლოში თამაშობს. ზოგადად, მათი ქვეყნის მოთამაშეები იშვიათად მიდიან უცხოეთში სათამაშოდ, ევროპაში მათ მიმართ ნაკლები მოთხოვნაა.
რენოს დემეტრიადისის გუნდიდან მეორე გოლის ავტორი 1999 წელს დაბადებული მიხალის კარალამპუსია. 15 წლის ფეხბურთელის 19-წლამდე გუნდში ყოფნა იშვიათი მოვლენაა. “ეთნიკოსის” 19-წლამდე გუნდის ნახევარმცველმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
კუნძულელთაგან გამორჩეული მოთამაშე ნახევარმცველი ფანოს კატელარისი იყო. ფიზიკურად ძლიერი მოთამაშე კარგად აკონტროლებდა ბურთს, თუმცა შემქმნელის თვისებებით ვერ გამოირჩეოდა, ამიტომაც ძირითადად ჩაშლაზე იყო ორიერიენტირებული.
მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთმა სამივე მატჩი დათმო, ვლახებს ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავთ და ვფიქრობ, შედეგში წვლილი უიღბლობამაც შეიტანა, რადგან რამდენიმე მაღალი კლასის მოთამაშის ხარჯზე უკეთესი შედეგის ჩვენება შეეძლოთ.
პირველი ტურის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი ქართველთა გუნდის წარმატებაში. გიორგი დევდარიანი ნიჭიერი მწვრთნელია, რაც საქმით არაერთხელ დაუმტკიცებია. სამწუხაროდ, საქართველოს უმაღლეს ლიგაში მისი დასაქმება კვლავ არ ხდება და პროფესიონალი მწვრთნელის პოტენციალს შესაბამისად ვერ ვიყენებთ.
ჩერნოგორია – კვიპროსი 6:3 (2:1)
მიხეილ მესხის სათადარიგო არენა. 30 მაყურებელი
ჩერნოგორია: მატია სარკიჩი, გრივიჩი, ბანოვიჩი, ნილოვიჩი, ლონკარი, ოლივერ სარკიჩი, ვუკჩევიჩი, კოტორაჩი (ვუკჩევიჩი 46), კუკულიჩიჩი (მილოშევიჩი 53), ვუინოვიჩი (კმილიანიჩი 69)
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე მილენოვიჩი
კვიპროსი: ანდრეას ქრისტოდულო, კუსულოსი, ვეელერი (ნიკოლაუ 78), კატელარისი, ფრეგკესკუ (ლემესიო 65), ფრეგკუ, კონსტანტინუ (ლილისი 57), პანაგი, პავლოს ქრისტოდულო, კარალამპუსი, გეორგიოს ქრისტოდულო
მთავარი მწვრთნელი: რენოს დემეტრიადესი
გოლი: 0:1 პავლოს ქრისტოდულო (18), 1:1 ვუინოვიჩი (27), 2:1 ოლივერ სარკიჩი (39), 2:2 კარალამპუსი (48), 3:2. 4:2 რუდოვიჩი (56, 77), 5:2 კმილანიჩი (84), 5:3 გეორგიოს ქრისტოდულო (90+3), 6:3 მილოშევიჩი (90+3
მთავარი მსაჯი: ნიკოლაი ჰანი (შვეიცარია)
ასისტენტები: ბეკიმ ზოგაი (შვეიცარია), გიორგი ელიკაშვილი (საქართველო)
მეოთხე არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი (საქართველო)
გაფრთხილება: ვეელერი (75), ლემესიო (86)
1. | ჩერნოგორია | 3 | 3 | 0 | 0 | 9:3 | 9 | |
2. | საქართველო | 3 | 2 | 0 | 1 | 6:4 | 6 | |
3. | კვიპროსი | 3 | 1 | 0 | 2 | 5:9 | 3 | |
4. | რუმინეთი | 3 | 0 | 0 | 3 | 1:5 | 0 |