თბილისის ‘არმიამ’ crocobet დიდი 10-ის მეხუთე ტურში რუსთავის ‘ხარებს’ 32:21 სძლია და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
„რაგბი პლატოზე“ მასპინძლებმა პირველ ტაიმში 3 უპასუხო ლელო გაიტანა და 21:0 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ ‘ხარებს’ ჩამორჩენის 3 ქულამდე დასაყვანად სულ 13 წუთი დაჭირდა, თუმცა მერე მონაგარს ვეღარაფერი შემატა. აღსანიშნავია, რომ თბილისელები თითქმის 40 წუთი კაცნაკლულები იყვნენ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მათ შეძლეს თავის დაცვა და სასურველი შედეგის შენარჩუნება.
ანგარიშის გახსნის ხელსაყრელი შესაძლებლობა მე-7 წუთზე ‘ხარების’ ფულბეკს, დავით მოძღვრიშვილს ჰქონდა, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა. მე-16 წუთზე ‘არმიამ’ დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაითამაშა და გიგი ქურხულის პასის შემდეგ ლაშა საჯაიამ შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, რომელიც გიორგი თევდორაძემ გარდასახა. ‘ხარები’ შეტევაში გადავიდა და ‘არმია’ ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმდა, მაგრამ რუსთაველებმა 3 ქულის აღებაზე უარი თქვეს და ვერც ლელო გაიტანეს.
27-ე წუთზე არმიელებმა მძლავრი მოლი ააგორეს და საჯაიამ თავისი მეორე ლელო მიითვალა. ტაიმის ბოლოს ლაშა ბარბაქაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა შესვენების წინ ლელო კვლავ თბილისელებმა გაიტანეს. ამჯერად მოლს ფორვარდების რამდენიმე დარტყმა და ალექსი სვიანიძის 5 ქულა მოყვა. თევდორაძე გარდასახვებიდან 100%-იანი იყო - 21:0.
მეორე ტაიმი ‘ხარების’ შეტევებით დაიწყო და უკვე მეორე წუთზე გარკვეული დროით ‘არმია’ 13 კაცის ამარა დარჩა. ამჯერად ყვითელი ბარათი გიორგი ჭურაძემ მიიღო და რუსთაველებმა რიცხობრივი უპირატესობით იქვე ისარგებლეს. მოლის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა, მაიკელი როკონდინონო ორ მცველს შორის გაძვრა და მისი ლელო მოძღვრიშვილმა გარდასახა. მასპინძლებმა ორიოდე წუთში თევდორაძის ჯარიმით უპასუხეს, თუმცა რუსთაველებმა 4 წუთში კიდევ ორი ლელო მიითვალეს და თამაშში დაბრუნდნენ.
პირველ ჯერზე სტუმართა ფორვარდების მიძალება კახა გაზაშვილის ლელოთი დასრულდა, მერე კი შერკინებიდან ბურთი ხაზზე გავიდა, რატუ საინივალატი ორ მბოჭავს დაუსხლტა და ლელო ალამთან გაიტანა. მოძღვრიშვილმა ორივე გარდასახა და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა. ამას ისიც დაემატა, რომ 59-ე წუთზე მასპინძელთა მეორეხაზელმა ვანო ბერიკაშვილმა 20-წუთიანი წითელი ბარათი მიიღო და თბილისელები კიდევ ერთხელ დარჩნენ კაცნაკლული.
მაგრამ ‘არმიამ’ შეძლო თავის დაცვა, 75-ე წუთზე კარის წინ 45 მეტრში ჯარიმა მოიპოვა, რომელიც გიორგი ჯაშმა 3 ქულად აქცია, 2 წუთში კი ჯაშმა უკვე მეტოქის შეცდომით ისარგებლა, ცენტრალურ ხაზთან გადაცემა ჩაჭრა და ლელოთი საკუთარ გუნდის პირველი გამარჯვება დააფიქსირა - 32:21.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ორი ლელოს ავტორი ლაშა საჯაია გახდა. მისმა ‘არმიამ’ 5 ტურის შემდეგ 6 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილზეა. ‘ხარებს’ 10 ქულა დარჩა და მე-6 პოზიციაზეა.
RUGBY.GE









