ფეხბურთი

14:13 | 11.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

17 წლის ტალანტის პარადოქსი: იტალიაში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ იტალიის ნაკრებში თამაში ჯერ არ შეუძლია

ჰონესტ ანაჰორი სერია A-ს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა. „ატალანტა“ ზაფხულში დიდ რისკზე წავიდა, როცა „ჯენოას“ 17 წლის ცენტრალურ მცველში 17 მილიონი ევრო გადუხადა. სრულიად გამოუცდელ ფეხბურთელში, რომელსაც სერია A-ში მხოლოდ 270 წუთი ჰქონდა ნათამაშები.

მან გასულ სეზონში განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა „ნაპოლის“ წინააღმდეგ (2:2), როდესაც საგოლე პასიც გააკეთა. „ატალანტაში“ ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი „პარი სენ-ჟერმენთან“ ჰქონდა, რასაც „იუვენტუსთან“ შესანიშნავი თამაში მოჰყვა - მან ტურინელთა წინააღმდეგ შეხვედრაში ყველაზე მეტი დუელი მოიგო (11-დან 7), 4-ჯერ მოიპოვა ბურთი და 7-ჯერ დაბლოკა მეტოქის დარტყმა.

„ის ძალიან ჭკვიანია, არ ნებდება და ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, - თქვა „ატალანტას“ მწვრთნელმა ივან იურიჩმა. აჰანორს სურს იტალიის ნაკრებში თამაში, იტალიის ნაკრებშიც სურთ მისი მიწვევა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია.

„დიდი ხანია მათზე ვსაუბრობთ. ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებმაც შეიძლება ითამაშონ იტალიის ნაკრებში, ამ მიმართულებით ვმუშაობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - თქვა ჯენარო გატუზომ აჰანორისა და ნიკოლო ტრესოლდის შესახებ, რომელიც „ბრიუგეში“ თამაშობს.

აჰანორის მშობლები ნიგერიელები არიან, ის ამ ეტაპზე იტალიელად არ ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ კაზერტას პროვინციაში, იტალიაში დაიბადა და მთელი ცხოვრება იტალიაში აქვს გატარებული. 23 თებერვალს, როცა 18 წლის გახდება, შეიძლება ეს პროცესი დაჩქარდეს და მიიღოს იტალიის ნაკრებში თამაშის უფლება, იმ პირობით, თუ ნიგერიაში თამაშს არ დათანხმდება.

მისი სიტუაცია უცნაურია: იტალიაში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ სულ მცირე ახლა, ჯერჯერობით, იტალიის ნაკრებში თამაში არ შეუძლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087065