ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი "ბენფიკა" სტუმრად ლონდონის "ჩელსისთან" მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა.
"მარცხი ყოველთვის მარცხია, თუმცა ვფიქრობ ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო. ხანდახან მატჩის შემდეგ გრძნობ, რომ ყველაფერი კარგად გაკეთდა, უშიშრად და სწორად ითამაშე, მაგრამ მაინც წააგე. წავაგეთ, თუმცა მოგებაც შეგვეძლო, ძალიან კარგად ვითამაშეთ და ტაქტიკური შეცდომები საერთოდ არ გვქონია. სავარჯიშოდ პრაქტიკულად დრო საერთოდ არ გვაქვს და შესაბამისად უნდა შევეგუოთ ამ შედეგს.
"სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნება ყოველთვის სასიამოვნოა. ყოველთვის, როდესაც აქ ვბრუნდები გულშემატკივრები თავის სიყვარულს მანახებენ და ეს სასიამოვნოა." - განაცხადა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ "ბენფიკა" ორი ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე უქულოდ არის და 30-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო "ჩელსი" სამი ქულით მე-17 ადგილზეა.









